ავტორი:

რა მისწერა ამერიკაში მყოფმა ქართველმა მსახიობმა ირაკლი ხიზანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს - "ჯერ ისევ ვერაფრით შევეგუე ამ აზრს..."

რა მისწერა ამერიკაში მყოფმა ქართველმა მსახიობმა ირაკლი ხიზანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს - "ჯერ ისევ ვერაფრით შევეგუე ამ აზრს..."

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი ირაკლი ხიზანიშვილი პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის და მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც მსახიობი წერს, სააკაშვილი ხალხს სიძლიერის მაგალითს აძლევს.

"ოცდამეერთე საუკუნის მესამე ათწლედია დაწყებული. საქართველოში კი თითქოს დროის ათვლა გაჩერდა და ქვეყანამ სუნთქვა შეიკრა. ჩემი ყოველი დღე იმით იწყება, რომ ვხსნი ინტერნეტს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამბავს ვეცნობი. ჯერ ისევ ვერაფრით შევეგუე იმ აზრს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დატყვევებული ჰყავს რუსულ რეჟიმს. მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი დღეს არის გადამწყვეტი საქართველოს პოლიტიკაში, ისევე როგორც იყო ყოველთვის. მიწევს იმ ჭეშმარიტების გამეორება რომ ის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებელია. მის მიმართ მავანთა სიძულვილი გუშინ არ დაწყებულა. დაიწყო იმ წუთიდან როცა მან თავისუფალი საქართველოს იდეა გააჟღერა;

როდესაც მან მტკიცედ გადაწყვიტა რომ საქართველო დასავლური ორიენტაციის დამოუკიდებელი და წარმატებული სახელმწიფო უნდა ყოფილიყო.ჩემი საკუთარი გამოცდილება ის იყო რომ იმ ყბადაღებული ცხრა წლის განმავლობაში მე ამაყი ვიყავი საქართველოს მიღწევებით და გახარებული იმით, რომ საქართველომ ეს შეძლო წარმოუდგენლად მცირე დროში მთელი მსოფლიოს თვალწინ.

მაგრამ საქართველოს მიღწევებს შურით, გაბოროტებით და შიშით ადევნებდა თვალს მთავარი მტერი, რომელსაც სულ არ აწყობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ასეთი მაგალითი სხვა რესპუბლიკებისთვის. ის მტერია ახლა რომ კარნახობს დღის წესრიგს საქართველოში. ის მტერია, რომელსაც უზომოდ ახარებს ასე ჩამორჩენილი და წელში გადატეხილი საქართველო. ის მტერია, რომელსაც დატყვევებული ჰყავს იმ წარმატებული სახელმწიფოს პრეზიდენტი.

სამწუხარო ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის შემდგომმა პრეზიდენტებმა, ვერც საქართველოს როლი ვერ აღიქვეს ჯეროვნად, ვერც საქართველოს მისია ვერ გაიაზრეს და ვერც თავად პრეზიდენტობის ინსტიტუტში ვერ გაერკვენ. ისინი უფროსი ძმის ერთგულ შეგირდებად დარჩნენ. ისტორიამ მიხეილ სააკაშვილი სახელოვან და ძლიერ ლიდერად დაგვისახა. სწორედ ამ სიძლიერის მაგალითს გვაძლევს ის დღეს. მე შიშნარევი აღფრთოვანებით ვუსმენ მის გზავნილებს ციხიდან. როგორი პოლიტიკური ალღო, მიზანდასახულობა, სამშობლოს სიყვარული.

მიხეილ სააკაშვილი უფრო მაღლა დგას ვიდრე ხელმოცარული, ანგარებიანი, შურიანი, ან სულაც მისდამი მტრულად განწყობილი ადამიანებისგან ნასროლი თითო კენჭი, რომელიც სადღაც ჩაიკარგება და გაქრება. ბატონო მიხეილ, მიშა, თქვენი გადასაწყვეტია შიმშილობას შეწყვეტთ თუ არა. მე მხოლოდ შემიძლია ვისურვო რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. თქვენ ჯანმრთელი სჭირდებით საქართველოს. პატივისცემით, თქვენი ირაკლი ხიზანიშვილი" - ნათქვამია წერილში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.