ბოლო მომენტამდე, რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს, გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ. არ ვთამაშობ, არ ვხუმრობ, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისი თქმით, ის შიმშილობს მოთხოვნით, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.
"ჩემი გადაწყვეტილება ნამდვილად რადიკალურია, ოღონდ რადიკალურია სიტუაცია და მისი ადეკვატურია გადაწყვეტილებაც, თორემ არაფერი სასურველი და სასიამოვნო შიმშილობაში არ არის.
ამ პარლამენტს შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ფუნქცია, ეს არის პროტესტი დანარჩენი ინსტიტუციური ფუნქციამ ჩემი აზრით დაკარგული აქვს. ჩემი ამოცანა არ არის დებოშის მოწყობა პარლამენტში, ჩემი ამოცანა არც ვინმეს თვალებში ყურებაა, ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ ადამიანი შიმშილობს უმინიმალურესი მოთხოვნით, ადამიანის სიკვდილისგან გადარჩენის გამო. ის განცხადებები, რაც მესმის, ძალიან სამწუხაროა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანურ სახეს აკარგვინებს მათ.
ეს არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც ყველას ძალიან კარგად ესმის და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმან, ვინც იღებს ზოგადად ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას და მან უნდა იცოდეს, რომ ძალიან დიდი ფასი მოჰყვება მსგავს საქციელს. აქვს სიცოცხლეს ფასი თუ არ აქვს? ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა. მე ყოველ შემთხვევაში ვიცი, რომ ბოლო მომენტამდე, რაც არ უნდა ხანგრძლივი იყო ეს, ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ, მე არ ვთამაშობ, არ ვხუმრობ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.