აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განკარგულებით, 4 იანვრიდან ძალაში შედის ვაქცინაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც კერძო კომპანიების თანამშრომლები სრულად უნდა იყვნენ ვაქცინირებულები, ან კვირაში ერთხელ კოვიდ-19-ზე ტესტი ჩაუტარდეთ.
შრომის დეპარტამენტის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ადმინისტრაციის მიერ ახლად გამოქვეყნებული წესები ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებსაც 100 ან მეტი თანამშრომელი ჰყავთ.
ამასთან, 5 დეკემბრიდან ყველა არავაქცინირებულმა დასაქმებულმა უნდა დაიწყოს პირბადის ტარება შენობაში.
წესები არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც მიდიან სამუშაო ადგილზე, სადაც სხვა ადამიანები არ იმყოფებიან, ან რომლებიც მუშაობენ სახლიდან დისტანციურად. გამონაკლისი შეიძლება ასევე შეეხოს დასაქმებულებს, რომლებსაც ვაქცინაცია რელიგიური მრწამსის გამო არ სურთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ადამიანებს, რომლებიც ვაქცინაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იტარებენ.
"ჩვენი ქვეყნისთვის არჩევანი მარტივია: მეტი ადამიანის ვაქცინაცია, ან პანდემიის გახანგრძლივება და ქვეყანაზე მისი ზეგავლენის განცდა. ვირუსი თავისთავად არ გაქრება, ან იმიტომ, რომ ჩვენ გვსურს მისი გაქრობა: ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა ამ პანდემიიდან თავის დასაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ მერჩივნა, მოთხოვნები არ გამხდარიყო აუცილებელი, ძალიან ბევრი ადამიანი რჩება აუცრელი, ამიტომ დავაწესე მოთხოვნები და ისინი მუშაობენ", - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
აშშ-ში, კოვიდ 19-ით ყოველდღიურად, საშუალოდ, 1 100 ამერიკელი იღუპება, მათი უმეტესობა არავაქცინირებულია. კორონავირუსმა შეერთებულ შტატებში, ჯამში, 745 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. უახლესი მონაცემებით, აშშ-ში ზრდასრულთა დაახლოებით 70% სრულადაა ვაქცინირებული, 80%-ს კი მინიმუმ ერთი დოზა აქვს მიღებული.