ავტორი:

"ხორბლის მარაგის რაოდენობა საყურადღებო პარამეტრებთანაა მიახლოებული" - "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” დირექტორი

"ხორბლის მარაგის რაოდენობა საყურადღებო პარამეტრებთანაა მიახლოებული" - "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” დირექტორი

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, საქართველოში ხორბლის მარაგის რაოდენობა საყურადღებო პარამეტრებთანაა მიახლოებული და მთლიანად ფქვილის იმპორტზე გადასვლის შემთხვევაში საქმე სასურსათო უსაფრთხოებას შეეხება.

როგორც სილაგავამ განაცხადა, რამდენიმე წისქვილკომბინატმა უკვე დაიწყო ფქვილის შემოტანა ხორბლის შემოტანის შემცირების ხარჯზე და "ეს საყურადღებო სიტუაციაა“.

მისივე თქმით, სწორია, რომ იყოს როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების ფქვილი, თუმცა "მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის თანაფარდობა იყოს დაცული.

"მარაგების მხრივ დღეს კატასტროფა არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საყურადღებო პარამეტრებთან მიახლოებული. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, საით წავიდეთ. რამდენიმე წისქვილკომბინატმა უკვე დაიწყო ფქვილის შემოტანა ხორბლის შემოტანის შემცირების ხარჯზე - გადავიდა იმპორტზე. ეს არის ძალიან საყურადღებო სიტუაცია. მთავრობის ყველა შტო საქმის კურსშია და უახლოეს მომავალში ველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.

მისი განცხადებით, უნდა შემუშავდეს მსოფლიოში მიღებული მექანიზმები. "იმპორტირებული ფქვილი ამ დროისთვის იაფია, თუმცა გრძელ ვადაში გარკვეული პრობლემების შექმნის დროს უფრო სერიოზულად და მყისიერად ურტყამს ფქვილის და პურის ფასს. აქედან გამომდინარე, ბალანსი ისაა, რომ შემუშავებული იყოს მექანიზმები, რომელიც მსოფლიოში მისაღებია - ეს არის გარკვეული სატარიფო კვოტები და იმ რაოდენობის ფქვილის ლიცენზირების გაყიდვა, რომელიც სასურსათო უსაფრთხოებას არ დააზიანებს“,- განაცხადა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ "მთავარში“ .

მისივე განცხადებით, წიქვილკომბინატები არჩევანის წინაშე არიან - გადაამუშავონ ხორბალი, თუ ფქვილის იმპორტზე გადაერთონ.

"ჩვენ არ ვართ იმპორტირებული ფქვილის წინააღმდეგი, სწორი კონკურენციის პირობებში, მაგრამ სხვაობა შემოსულ 1 ტონა ფქვილსა და 1 ტონა ხორბალს შორის 70 დოლარია, რაც მზარდია. ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში მცურავი ბაჟი 25 დოლარი იყო, ახლა 70 დოლარია, შესაბამისად, ყველაზე რთული გამოწვევა ისაა, რომ მარაგების თემაში გადავდივართ. დღეს წისქვილები არჩევანის წინაშე არიან, რა გააკეთონ - გადამამუშავონ ხორბალი, ანუ ხორბალი შემოიტანონ, რაც წამგებიანში გადადის, თუ გადაერთონ ფქვილის იმპორტზე. ის თანხა, რომელიც დღეს ხორბლის შესასყიდად გადის, მიმართული იყოს ფქვილის შესასყიდად, შესაბამისად, წისქვილკომბინატები გახდებიან არა ღირებულებათა ჯაჭვის შემქმნელები, არამედ ფქვილის იმპორტიორები. ეს ქვეყანაში მარაგების შემცირებას იწვევს, სტრატეგიული მარაგების, რაც სასურსათო უსაფრთხოებასთანაა მიბმული. მეორე მხრივ, ეს არის თემა, მთლიანად ფქვილის იმპორტზე გადავდივართ - ფქვილი შემოდის და პირდაპირ პურის ქარხანაში შედის. როდესაც ბაზარზე კატაკლიზმები ხდება, უცებ იზრდება პურის ფასი და ხორბლის მარაგების კრიტიკულ ნიშნულზე არსებობის გამო არ გვაქვს საშუალო შეწონილი ფასით ფქვილის ფასის რეგულირების შესაძლებლობა. ეს არის არა ერთი ბიზნესის მიმართულება, არამედ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.