"საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა," - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ #12 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გააცნო.
წერილში მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს შაბათს, თბილისში, ოპოზიციის აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.
"ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით, მინდა გითხრათ, რომ დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე "ვარდების რევოლუციის" წინ. ბევრად უფრო წინ წასულია, ინფორმირებულია და რაც მთავარია, ერთიანია, ვიდრე მაშინ. ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარ კოალიციას და იმას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას. ეს ეფუძნება სერბულ მაგალითს. ჯერ მილოშევიჩმა მიითვისა ადგილობრივი არჩევნები იუგოსლავიაში, მას შემდეგ რაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, ხოლო ოპოზიციამ ჯერ მოაწყო აქციები ბევრ ადგილას და შემდეგ წავიდნენ ბელგრადისკენ. რატომაა მნიშვნელოვანი აქციები ბევრ ადგილას ერთდროულად?- იმიტომ, რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად, მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. საჭიროა, განსაკუთრებით ოდიოზურ ადგილობრივ თვითმმართველებზე და მათ მიერ ჩადენილ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა და მხილება და, რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას და როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა ის ერთი დღე უნდა აჩუქონ საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ.
ახლა მთავარია მრავალრიცხოვნობა და თქვენ, დიახაც, რომ წარმოადგენთ და არჩევნებმა ეს დაადასტურა, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე და მობილური. არ ვიცი ჩემი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება. ასევე, მივესალმები ელენე ხოშტარიას. დიახ, ელენე ნამდვილად არ დამვიწყებია და რა დამავიწყებს შენს სახელს, პარლამენტთან და ციხესთან სოლიდარობის შიმშილობის მონაწილეებს. გავიგე, რომ ციხესთან მოშიმშილე 24 წლის გოგონა, ჩემი საყვარელი ნეკრესელი მეუფის სერგის შვილიშვილი ყოფილა. მეუფე ახლახანს წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ იამაყებდა ნინოს სამოქალაქო გმირობით. მასაც და ყველა სხვა მოშიმშილესაც მინდა ვუთხრა, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამ საქმისთვის ერთი მსხვერპლიც საკმარისია. კიდევ ერთხელ, მეგობრებო, შაბათის აქციაზე უნდა გამოვიდეთ ბევრნი და მრავალრიცხოვანი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას. აქციების მოთხოვნაა - რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება, მაგრამ არცერთი ეს არ არის თვითმიზანი, არამედ არის საშუალება იმისთვის, რომ შევაჩეროთ ფასების უღმერთო ზრდა; ქართველების საქართველოდან მასობრივი გადინება; ქართველების საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩენის პროცესი; კორუფცია; თქვენს ჯიბეებში მთავრობის მიერ ხელის ჩაყოფა; სიღატაკე და ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.