ტაივანელმა პროფესორმა ჩანგ ჰსუმ პორნოგრაფიულ საიტ "Pornhub”-ზე ვიდეოების ატვირთვა წელწადზე მეტია რაც დაიწყო. ის არც მეტი, არც ნაკლები - არითმეტიკულ განტოლებებს ასწავლის და თავის უნიკალურ და უჩვეულო მარკეტინგის სტრატეგიას ასე ახასიათებს: "მსურს გავაკეთო განსაკუთრებული რამ, განსაკუთრებულ ადგილზე“.
ამ უცნაური ადამიანის კონტენტი საიტზე განთავსებული სხვა ვიდეოებისგან ცა და მიწასავით განსხვავდება, მაგრამ მან მაინც მოახერხა პლატფორმაზე საკუთარი თავის დამკვიდრება და უკვე 6 900 გამომწერი ჰყავს.
"ონლაინ სწავლების ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია. საშუალოდ, მათემატიკის მასწავლებელს, წელიწადში რამდენიმე ასეული მოსწავლე ჰყავს, მე კი ათასი სტუდენტის მოზიდვა შემიძლია ყოველ წელს... თავს ვეკითხებოდი, სად შემეძლო მეპოვა ჩემი მომავალი მოსწავლეები, მაგალითად, კოლეჯის მოსწავლე ბიჭები და პასუხი ეგრევე გამოიკვეთა: პორნოგრაფიული საიტები!“ - ამბობს პროფესორი.
მათემატიკის პროფესორის ვიდეოები საიტზე იმდენად პოპულარულია, რომ ნახვების მიხედვით ის 685-ე ადგილზეა, რაც თავისთავად გასაოცარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი არცერთი ვიდეო არ შეიცავს პორნოგრაფიულ ელემენტებს. ამის ნაცვლად, ის მწვანე დაფის წინ დგას სპორტული ტანსაცმლით და მათემატიკას ასწავლის. ახალგაზრდა პროფესორს უკვე 40 წუთის ხანგრძლივობის 226 ვიდეო აქვს ატვირთული. ჩანგ ჰსუ ცდილობს, ვიდეოებში სრულფასოვანი მათემატიკის გაკვეთილის გამოცდილება მისცეს მაყურებლებს. ამგვარი ტაქტიკით, მას უკვე 1.9 მილიონი ნახვა აქვს მოგროვებული.
ტაივანელი მასწავლებლის მეთოდები ეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან, როგორც თავად ამბობს, ხალხი უფასო ვიდეოების ყურების შემდეგ, უკვე ფასიანი სწავლების კურსს იძენს.
თარგმნა ანა სიბოშვილმა