ავტორი:

"სოფლის მცხოვრებთ იძულებით დაათმობინეს მიწის ნაკვეთები და უზარმაზარ ტერიტორიაზე მანგანუმის მოსაპოვებლად ლიცენზიები გასცეს" - რა ელის სოფელ შქმერს?

"სოფლის მცხოვრებთ იძულებით დაათმობინეს მიწის ნაკვეთები და უზარმაზარ ტერიტორიაზე მანგანუმის მოსაპოვებლად ლიცენზიები გასცეს" - რა ელის სოფელ შქმერს?

ონის მუნიციპალიტეტის, სოფელ შქმერის მოსახლეობა სოფელში წიაღისეულის (მანგანუმის) მოპოვებაზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვს. მათი მტკიცებით, აღნიშნული პროცესები უნიკალურ ბუნებას დააზიანებს. როგორც ამბობენ, ეკონომიკის სამინისტრომ შქმერში უზარმაზარ ტერიტორიაზე -1 531 070 კვადრატულ მეტრზე მანგანუმის მოსაპოვებლად ახალი ლიცენზიები ისე გასცა, რომ მოსახლეობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. კვირას, 7 ნოემბერს სოფელში ადგილობრივები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ დაგმეს ეს პროცესი. გადაწყდა, შეიქმნას 10-კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ჩაერთვება ყველა პროცესში. "ჩვენი მიზანია არ განმეორდეს ის, რაც ხდება დღეს ჭიათურაში. გვექნება შეხვედრები კომპანიის წარმომადგენლებთან. არ ვიცით როგორ გავუმკლავდებით ამ ყველაფერს", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები. ჩვენი ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენელთან უკვე ჰქონდა შეხვედრა მერის წარმომადგენელს სოფელ შქმერში და სოფლის დეპუტატს, თუმცა ჯერჯერობით ამ საუბრის დეტალებს არ ასაჯაროებენ, თუმცა ამბობენ, შექმნილ ვითარებაში არაფერი შეცვლილა.

ადგილობრივი გოგა გაგნიძე:

- შქმერში მანგანუმის ღია წესით მოპოვებას იწყებენ, ზუსტად ისე, როგორც "ჯორჯიან მანგანეზი“ თხრის, ანგრევს და ანადგურებს ჭიათურასა და მის სოფლებს. არადა, როცა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო, გაჩნდა იმის მოლოდინი, რომ ახალი გზა რაჭას, რომელიც ყველაზე მეტად დაცლილია, ახალ სიცოცხლეს მოუტანდა და ტურიზმს განავითარებდა. შქმერი მთელ საქართველოშია ცნობილი და ამ უნიკალურ მხარეში, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, ყოველგვარი განხილვის გარეშე წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემა არასწორია.

2005-2006 წლიდან დაიწყო აქ მოპოვება, მაშინაც ღია მოპოვება იყო. მერე შეჩერდა გზის უქონლობის გამო, მანგანუმის ფასიც დაეცა, აღარ იყო რენტაბელური და ის კომპანია წავიდა. ის ადგილი, რომელიც მაშინ დამუშავდა, დღემდე არის ანაბეჭდი, თვალსაჩინო მაგალითი იმის, თუ რა შეიძლება მოუვიდეს გარემოს ასეთი მოპყრობისგან.

სახეზეა ეროზია, განადგურებული ქანები. ახლა ისევ გასცეს ლიცენზია მოპოვებაზე. აქ მაღაროს პრინციპით მანგანუმის მოპოვება გამორიცხულია, მხოლოდ ღია მოპოვებას გულისხმობს და ამას რა შეიძლება მოჰყვეს, ამის მაგალითები უკვე არის. ამიტომ გვიჩნდება პროტესტი. ჩვენ არ გვინდა განმეორდეს ის, რაც ჭიათურის სოფლებში ხდება. შქმერში კონკრეტული კომპანია ჯერჯერობით შესწავლას აწარმოებს. ამ ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთები მოსახლეობას დაკანონებული ჰქონდა, მაგრამ ეს გაასაჩივრა "ჯორჯიან მარგანეცის" კომპანიის თანამშრომელმა ირაკლი ნოზაძემ, თითქოს ნაკვეთები არასწორად, თაღლითურად იყო მიტაცებული. არადა, ნაკვეთების საბუთი ყველა მფლობელს ჰქონდა. ამ ხალხის აზრი და ინტერესი არავინ გაითვალისწინა, ისინი ცნეს დამნაშავეებად და ჩამოერთვათ კუთვნილი მიწები, უფრო მეტიც, მფლობელებს დაეკისრათ პირობითი სასჯელებიც და ჯარიმებიც გადაახდევინეს. სულ 12 ადამიანი იყო პასუხისგებაში მიცემული, ამის პარალელურად ტარდებოდა აუქციონი მიწებზე და გაიცემოდა ლიცენზიები. ამ ეტაპზე 4 ლიცენზიაა გაცემული, აქედან ერთია მოპოვების ლიცენზია - 4 ჰექტარზე და სამი შესწავლის ლიცენზია. საშიშროება ყველასთვის ნათელია. წლებია ვხედავთ როგორ ხდება მოპოვება ჭიათურის მხარეში და რამდენად საშიშია ეს პროცესი.

ამ წლების განმავლობაში იმის პრეცედენტი არ გვაქვს, რომ ასეთ დროს დაცული იყოს ყველა პირობა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში დევს და რისი ვალდებულებაც ჩვენს ქვეყანას აქვს, რომ ბუნება არ უნდა დაზიანდეს. როცა მადნის ამოღება მოხდება, წესით ის ადგილი უნდა შეივსოს და დაიფაროს წინასწარ დასაწყობებული ნიადაგის ფენით, მაგრამ პრეცედენტი რომ ეს ასე სადმე გაკეთდა, არ გვაქვს. ამიტომაც ჩვენი სოფლის მოსახლეობასაც არ გვჯერა, რომ ეს მოხდება.

კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ სოფელში, საუბრობენ ყველაფერი კარგად იქნება, არაფერი გაფუჭდება, მანგანუმის მტვერი არ არის საშიშიო, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მანგანუმის მტვერი ერთ-ერთი ძლიერი კარცეროგენია. სტატისტიკაც ამას მოწმობს ჭიათურასა და საჩხერეს სოფლებში.

- რა ზომებს მიმართა მოსახლეობამ?

- შეგროვდა 260 ხელმოწერა, ეს არასრულია და ვითხოვთ პარლამენტში შესაბამისმა კომიტეტმა განიხილოს ეს საკითხი. საჩივარი შეტანილია ეკონომიკის სამინისტროშიც. არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ჩივიან. მათთან ერთად ერთ-ერთი მომჩივანი მეც ვარ, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი. ამჟამად მხოლოდ ერთი კომპანია აწარმოებს შემსწავლელ სამუშაოებს, ეს ნიშნავს, რომ ხდება ადგილზე ნიადაგის დამუშავება, თუ დაიწყებენ დატვირთვას და წაღებას, ეს უკვე დარღვევა იქნება. 4 კომპანიიდან, რომელმაც ლიცენზია მოიპოვა, სამი აუქციონამდე 3 დღით ადრე შექმნილია. როგორც წესი, წიაღისეულის მწარმოებელი ცნობილი კომპანიები ახალი საქმისთვის ახალ კომპანიას სპეციალურად ქმნიან, რომ სუფთად წარმოაჩინონ ვითარება. ყოველთვის ამ ახალი კომპანიის უკან ის ძველი კომპანიები დგანან, რომლებიც რეალურად მუშაობენ საქართველოში და აქაც ანალოგიური ვითარებაა.

- გარემოს დაცვის სამინისტროს თუ მიმართეთ?

- ლიცენზიის გაცემის პროცესი ზოგადად რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მოითხოვს ძირეულ შესწავლას იმის, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს გარემოს და მოსახლეობას, ეს შესწავლა არ ჩატარებულა. კომუნიკაცია სოფელთან არ მომხდარა, არის ფურცელი, კრების ოქმი, რომელსაც სამი ადამიანი აწერს ხელს და ითხოვს შემოიღობოს სოფლის სალოცავი და გაიყვანონ წყალი. ეს არის ფიქციური შეთანხმება, სამი ადამიანი არ არის მთელი სოფელი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სოფელი შქმერი და მისი მიდამოები 2008 წლის შეთანხმების მიხედვით, გარემოს დაცვის სამინისტროს მონაწილეობით შეყვანილია მსოფლიო ნაკრძალის ეროვნული ქსელის არეალში ფაუნის დაცვის მხრივ. რადგან აქ არის უნიკალური ფაუნა და ვალდებულება აღებულია, რომ ამ ტერიტორიაზე მსგავსი ლიცენზიების გაცემა ძალიან ფართო ჩართულობის და ძირფესვიანი შესწავლის გარეშე არ შეიძლება.

მსგავსი პროცესი არეალში მხოლოდ მაშინ არის დაშვებული თუ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ეხება. ამას კი არანაირი კავშირი არ აქვს თავდაცვის უნარიანობასთან, რადგან აქ მხოლოდ ბიზნესინტერესია. ჩვენი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ გაუქმდეს გაცემული ლიცენზია და დაცული იყოს ეს ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია გავა კოლოსალურ მოგებაზე და შედეგად მივიღებთ დაზიანებულ გარემოს, რომელიც აღდგენას საუკუნეები დასჭირდება, იმ დონეზე ხდება ჩასვლა და ფენების ამოტანა, მოსახლეობა იძულებული იქნება დატოვოს იქაურობა და დაიცლება ეს უნიკალური სოფელი.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თათული ჭუბაბრია:

- 2021 წლის ივლისში, შქმრეში გაიცა მანგანუმის მოპოვებაზე ლიცენზია. "მწვანე ალტერნატივა" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეკონომიკის სამინისტროში მოვითხოვთ ამ ლიცენზიების გაუქმებას, რადგან არ იყო უზრუნველყოფილი მონაწილეობა ადგილობრივი მოსახლეობის და ლიცენზია გაიცა ამ პრინციპის გარეშე. დავინტერესდით ვინ შეიძლება ყოფილიყო ლიცენზიის მაძიებელი. გაირკვა რომ გაცემულია შპს "ტექნოლოჯი 2021"-ზე ლიცენზია და აშკარად იკვეთება კავშირი "ჭიათურის მანგანუმის" მომპოვებელ აქტორებთანაც.

სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ მოსახლეობის წინააღმდეგ გაილაშქრეს და დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურამ ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე. აღიძრა საქმე თაღლითობის მუხლით, აბსოლუტურად, კანონიერად დამტკიცებულ მიწებზე.

მოსახლეობაზე მოხდა ზეწოლა, ჩამოერთვათ მიწები. ჩვენ უშუალოდ სამართლებრივი დავა გადავწყვიტეთ მას შემდეგ რაც ჩვენი კომუნიკაცია შედგა "მწვანე ალტერნატივასთან", რომელმაც შეისწავლა ლიცენზიის პირობები და ახლა ვითხოვთ ლიცენზიების ბათილობას. გზის გაყვანამ წაახალისა და მოტივაცია მისცა ლიცენზიის მაძიებლებს, რომ ლიცენზია მოეპოვებინათ. მანგანუმია და აქაც ჭიათურის ფიგურანტები ჩანან დაინტერესებულ მხარეებს შორის.

პირველ ეტაპზე ვდაობთ მოსახლეობის ინფორმირება - მონაწილეობის პრინციპზე, ლაპარაკია იმაზე, რომ აუქციონი არ უნდა დაწყებულიყო და ლიცენზია არ გაყიდულიყო მანამ, ვიდრე ადგილობრივი მოსახლობისგან თანხმობას არ მიიღებდნენ. ხალხის დაშინებას, დაჯარიმებას და დევნას ჰქონდა ადგილი. დაშინების მსხვერპლები არიან ეს ადამიანები. კი ბატონო, დაცლილია რეგიონი და ძალიან მცირეა იქ მოსახლეობის რაოდენობა, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ფლობდნენ კონკრეტულად ამ ტერიტორიებს, დაიმტკიცეს კანონიერად მიწები და თაღლითობის მუხლი წაუყენეს მათ და ჩამოართვეს კუთვნილი ქონება. მოსახლეობამ დაცვის უფლებითაც ვერ ისარგებლა, მათ დაენიშნათ სახაზინო ადვოკატი. ეს იყო ის პერიოდი როცა დისტანციურად უწევდათ ზუმის საშუალებით პროცესზე დასწრება და ვერ აღიქმებოდა რეალობა. ეს ადამიანები 3000 ლარით დააჯარიმეს, პირობითი მსჯავრიც დაედოთ, ქონებაც ჩამოართვეს. გამგებელზე იყო განსხვავებული 5000 ლარი ჯარიმა, არადა, მათი იყო ეს ქონება. ახლა ვცდილობთ ამ მოსახლეობის დახმარებას.

ძალიან ფართო ტერიტორიაზეა ლიცენზია გაცემული და როგორც ჭიათურაში, აქაც გადათხრება და დაბინძურდება გარემო.

- პროცესში გარემოს დაცვის სამინისტრო ჩაერთო?

- გარემოს დაცვის კომპონენტი შემოდის ლიცენზიის გაცემის შემდეგ. ამაზე ჯერ არ ვსაუბრობთ მაგრამ ესეც გახდება ერთ - ერთი სადავო საკითხი. დაწყებულია სამუშაოები მათ აქვთ შესწავლის მუშაობის შესრულების ნებართვა. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, იქიდან ჯერ პასუხი არ მიგვიღია, ჯერ ვადები აქვთ რომ გვიპასუხონ.

ambebi.ge ასევე დაუკავშირდა მერის წარმომადგენელს სოფელ შქმერში ზურაბ ჯოხაძეს.

მისი თქმით, მოსახლეობა ბოლომდე იბრძოლებს თავისი უფლებების დასაცავად.

ზურაბ ჯოხაძე:

- ყველა ადგილობრივი ეწინააღმდეგება ლიცენზიის გაცემას, მაგრამ ამას მარტო ადგილობრივების პროტესტი არ ეყოფა. ყველას თანადგომა სჭირდება, რომ დავიცვათ ჩვენი ბუნება. 7 ნოემბერს გავმართეთ აქცია, შევხვდით შპს "ტექნოლოჯი 2021"-ის ხელმძღვანელს, ერთ-ერთ ლიცენზიანტია, სამწუხაროდ, არსებითად არაფერი შეცვლილა, ვგეგმავთ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან პროტესტს.

- ვიცით, ახალი დანიშნული ხართ ამ თანამდებობაზე, მაგრამ იქნებ გაქვთ ინფორმაცია ჰქონდათ თუ არა კანონიერად იმ ხალხს მიწები, რომლებიც თაღლითობაში ამხილეს?

- ეს მიწები ამ ხალხს წლებია აქვთ. შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან აქვთ შესაბამისი საბუთებიც. კონკრეტული ადგილი იყო მათთვის მიკუთვნებული, თუმცა საკადასტრო რუკა იმ დოკუმენტს არ ახლავს. ადგილები იყო მონიშნული და შესაბამისი დოკუმენტი გაცემული, რომლის რეგისტრაცია შემდგომ საჯარო რეესტრში მოხდა. დოკუმენტში მითითებული იყო უბანი და ვისი მიწა იყო. იუსტიციამ უპრობლემოდ დაუმტკიცა მათ ეს მიწები. მაგრამ შემდგომ როცა გაჩნდა ინტერესი, რომ აქ გაცემულიყო ლიცენზია, ამ ხალხის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით დაიწყო გამოძიება. მარტო იმ ტერიტორიაზე არსებული მიწების მეპატრონეების წინააღმდეგ, სადაც მანგანუმის მოპოვება უნდათ და ლიცენზიები გაიცა. წარმოგიდგენიათ, მარტო ეს მიწები გახდა სადაო, არადა ანალოგიური წესით არის სხვა მიწებიც გაცემული. ძალიან ცოტა თუ აქვს მამაპაპისეული დოკუმენტაცია...

თუ ვინმეს შეუძლია გვერდში დგომა და დახმარება, ვთხოვთ, გვერდში დაგვიდგნენ.

P.S. მოსახლეობა ბრძოლას აპირებს და 21 ნოემბერს, 14:00 სთ -ზე, სოფელ შქმერის ცენტრში ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება, მოთხოვნით: ბათილად იქნეს ცნობილი გაცემული ლიცენზიები.

P.S.S. ჩვენ ამ საკითხზე დავუკავშირდით ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურსაც, რათა მოგვესმინა სამინისტროს პოზიცია, დაგვპირდნენ, რომ გაგვცემდნენ კითხვებზე პასუხს, თუმცა ჯერჯერობით მათი პოზიციის გარკვევა ვერ შევძელით. თუ სამინისტრო გადაწყვეტს, მართლაც გასცეს კითხვებს პასუხი, მზად ვართ ეს პასუხებიც გამოვაქვეყნოთ.