ჩვენს ქვეყანაში მოვლენები იმდენად დინამიკურად ვითარდება, რომ შესაძლოა, ბევრს გადაავიწყდა "მიშას სპეცსამსახურების" "ძლევამოსილი" ოპერაცია", "ენვერი" და რუსეთის "გე-ერ-უს" ჯაშუშთა ქსელის "საკვირველი" აღმოჩენა და "განეიტრალება" ქართული კონტრდაზვერვის მიერ. ერთად გავიხსენოთ თერთმეტი წლის წინ განვითარებული მოვლენები, რომლებიც მაშინდელი ხელისუფლებისთვის მორიგი პიარაქცია იყო, ხოლო "ჯაშუშობისთვის" დაპატიმრებულ-გასამართლებულთა და მათი ოჯახებისთვის - უდიდესი ტრაგედია.
2010 წლის 29 ოქტომბერს, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოთხწლიანი დაძაბული ოპერატიულ-ტექნიკური სპეცოპერაციების შედეგად მათ გამოავლინეს და დააკავეს საქართველოში მოქმედი რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გე-ერ-უ) აგენტურული ქსელი. დაკავებული 13 პიროვნებიდან ცხრა - საქართველოს, ხოლო ოთხი - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო. ისინი ვითომდა გე-ერ-უს გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ში სხვადასხვა კომპანიასთან დადებული საიდუმლო შესყიდვების ხელშეკრულებების, ასევე, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსანთა პირადი მონაცემების შესახებ. ხოლო დაკავებული საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავები, ვითომდა, გე-ერ-უს გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ავიაციის ეკიპაჟებისა და საფრენი საშუალებების ფრენების განრიგების, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების და ა.შ. შესახებ. ერთი დაკავებული კავშირგაბმულობის ოფიცერი კი, ვითომდა, გე-ერ-უს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას სამხედრო კავშირგაბმულობისა და რადიოსახმისების შესახებ. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქე კი გე-ერ-უს მეკავშირედ დასახელდა. ზემოაღნიშნულ პირებს ბრალდებოდათ "აგვისტოს ომის" დროს მტრისთვის საიდუმლო ინფორმაციის რეგულარული მიწოდება, რამაც, "ნაცბელადების" მტკიცებით, ომში დამარცხება გამოიწვია. ყველასათვის ცნობილია, თუ რა გალაღებულად მოქმედებენ რუსეთის სპეცსამსახურები ჩვენს ქვეყანაში და ჯაშუშების გამოვლენის ინფორმაციამ საზოგადოებაში თავდაპირველად დიდი კმაყოფილება გამოიწვია, შემდეგ კი - ჯერ იმედგაცრუება დადგა, ბოლოს კი - სამართლიანი აღშფოთება.
სპეცოპერაცია "ენვერის" საქმეს თავიდანვე საიდუმლოების გრიფი დაედო და იძულებულნი ვიყავით ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დავჯერებოდით. "ენვერი" რომ საექსპორტო პიარაქციად იყო ჩაფიქრებული, მალევე გაირკვა. 2010 წლის 29 ოქტომბერს სააგენტო "როიტერმა", ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, მთელ მსოფლიოში გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს შსს-ს მიერ რუსეთის ჯაშუშების დაკავების შესახებ. შემდეგ კი უკვე ქართული მედია "ჩაერთო საქმეში". თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ეს "სენსაციური სპეცოპერაცია", უპირველესად, უცხოურ მასმედიაზე იყო გათვლილი, ამიტომაც მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს შსს-მ "როიტერს" და არა - "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას", თუმცა ამ ოპერაციის "მთავარმა რეჟისორმა" "რუსთავი-2"-ს თავისი ფუნქცია მიუჩინა. ამ ტელევიზიის ჟურნალისტებისა და კონტრდაზვერვის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ნაცოდვილარი ფილმი "ენვერი" ნამდვილი პაროდია იყო საქართველოს სპეცსამსახურებზე. ამ ფილმის "დოკუმენტური" კადრებისთვის, უკვე კარგა ხნით ადრე დაკავებულ "ჯაშუშებს" ქუჩაში... უშვებდნენ და შემდეგ ხელმეორედ აკავებდნენ და რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, ჟურნალისტები უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ პროცესში. სასაცილო იყო ისიც, რომ ამ ფილმში "ჯაშუშების" დასაკავებლად ოპერატიულ ავტომანქანებს კი არ იყენებდნენ, არამედ - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების სამსახურებრივ, უკანასკნელი მოდელის "ტოიოტას" მარკის ლიმუზინებს, და ასე ასეირნებდნენ "რუსეთის ჯაშუშებს" წინ და უკან. გააგრძელეთ კითხვა