ავტორი:

"რამდენიმე დეპუტატმა შემოიარა მოსაკითხად... ადამიანურად სასიამოვნოა" - როგორია ელენე ხოშტარიას მდგომარეობა?

"რამდენიმე დეპუტატმა შემოიარა მოსაკითხად... ადამიანურად სასიამოვნოა" - როგორია ელენე ხოშტარიას მდგომარეობა?

"დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის გააგრძელებს შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საფრთხე არ მოიხსნება და გეგმავს ფორმების გამწვავებას, თუ კიდევ უფრო დამძიმდება მისი მდგომარეობა.

თუ რა იგულისხმება პროტესტის ფორმის დამძიმებაში ელენე ხოშტარია არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადებს, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯებს.

"კარგად ვარ, ექიმმაც შეამოწმა პარამეტრები, ყველაფერი ნორმაში მაქვს აბსოლუტურად.

რა თქმა უნდა, ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საფრთხე არ მოიხსნება და კონკრეტულად ამას სჭირდება, როგორც ექიმები ამბობენ, მულტიფუნქციურ კლინიკაში მისი გადაყვანა. არა თუ უკან დახევას არ ვაპირებ, თუ ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა ეს პროცესი და კიდევ უფრო დამძიმდება მიხეილ სააკაშვილი, ასევე, ვფიქრობ ფორმების გამწვავებას, როცა გადავწყვეტ, მერე ვიტყვი ამაზე, მაგრამ არის რაღაც ფორმები, რომლითაც შეიძლება გამწვავება, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მყისიერად იქნება საფრთხე, თუ ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯებს.

რამდენიმე დეპუტატმა შემოიარა მოსაკითხად და, რა თქმა უნდა, ადამიანურად სასიამოვნოა, როდესაც ზიზღის ნაცვლად მსგავსი საქციელია,“- განაცხადა ხოშტარიამ.

ის მმართველის პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკვების სახით ფაფა მიიღო და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისგან, რომელმაც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მისი დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო, მსგავსი განცხადებები გასაკვირი არ არის.

"ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მერე დაიწყო მისი დისკრედიტაციის კამპანია, ამაზე მეტი ფსკერი არ არსებობს, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ახლაც ამ პროპაგანდას ვისმენ, ჩემთვის განმსაზღვრელი არის ექიმების პოზიცია, რომლებიც ამბობენ, რომ აუცილებელია მისი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა, დანარჩენი ყველაფერი არის სიბინძურე, რომელიც ისევ უფრო ამძიმებს ვითარებას, კიდევ უფრო მეტად თესავს ზიზღს, კიდევ უფრო ხლეჩს საზოგადოებას, ამიტომ ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, რაც არ უნდა ტყუილები ისაუბრონ, ფაქტია, რომ მათი დატყვევების პირობებში დღეს მესამე პრეზიდენტი არის სერიოზული საფრთხის ქვეშ.

კოალიციამ ვთქვით, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, უკომპრომისო ბრძოლას, ამ ბრძოლას აქვს ბევრი ფორმა და, რა თქმა უნდა, აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღევანდელ აქციას ძალიან ველოდები. დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ადამიანი გამოხატავს საკუთარ პროტესტს და არის ასევე, გეგმა სხვადასხვა ფორმის აქციების ხანგრძლივად, ჩვენ არ ვაპირებთ უბრალოდ ერთი აქციით შემოვიფარგლოთ, იმიტომ, რომ დღეს ეს ქვეყანა არის ჩვენი დასაცავი, როდესაც მას ასე აზიანებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა ხოშტარიამ.