ავტორი:

"მთავარსარდლები ასე არ უნდა იხოცებოდნენ!" - "მთავარი არხის" ჟურნალისტმა რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო

"მთავარსარდლები ასე არ უნდა იხოცებოდნენ!" - "მთავარი არხის" ჟურნალისტმა რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო

"მთავარი არხის" ჟურნალისტმა გიგა თუმანიშვილმა რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

"ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ღირებულებებს საფრთხე შეიძლება დაემუქროს. მე ამ ქვეყანაში დავიბადე და გავიზარდე, არ მქონია დალხენილი ბავშვობის წლები. იყო პერიოდი როდესაც ჩემს ოჯახს უჭირდა და ბაზარშიც ვმდგარვარ სავაჭროდ და ბოსტნეულიც გამიყიდია. როცა ზაფხულში სხვები არდადაგების ბავშვურ სილაღეებზე წერდნენ, მე გასახსენებელი კარგი არაფერი მქონდა, ერთადერთი რაც მაძლიერებდა, ჩემი ღირებულებები იყო და არის!

ამ ქვეყნის ისეთივე შვილი ვარ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, სხვაზე მეტად თუ არა, არც ნაკლებად მიყვარს ჩვენი ქვეყანა. მძიმე წლებიც მახსოვს, უშუქობა და უიმედობა, შიმშილი და გაჭირვება, შუქის მოსვლის სიხარულიც და სხვა ყველა დანარჩენი. მახსოვს წლები, როცა ქვეყანამ თვალებში გამოიხედა და ადამიანები მშვიდობას შევეჩვიეთ, თითქოს სხვა ქვეყანაში გავიღვიძეთ, გავიგეთ თანამედროვე ცხოვრების გემო და სახელმწიფოს მომავალი დავინახეთ, პირად კეთილდღეობაზე მეტად სხვა ღირებულებები გაგვიჩნდა. ყველა ხელისუფლების შეცდომებიც გვახსოვს და გამოუსწორებელი ქმედებებიც... არავის არაფერი უპატიებია და არც არასდროს ეპატიებათ, თავგასულობა და უსამართლობა ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, დანდობა არ ექნება არასდროს!

აქ ვინმე კონკრეტული სახელებისთვის და გვარებისთვის კი არ იბრძვის, ან საკუთარი ძალაუფლებისთვის და სიძლიერისთვის კი არ დგამს ნაბიჯს, ქვეყნის გადარჩენისთვისაა ახლა ბრძოლა, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის! ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ არის ამ საფრთხის წინაშე, რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, თუ კარგად გავიაზრებთ, ეს ასეა.

ერთი მარცვალი ქმნის სიცოცხლის მთელ მდელოს, ჰოდა ეს ერთი მარცვალი ვიქნები მეც... მე როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ამ წუთას, მხოლოდ ერთი ადამიანისთვის კი არ ვიბრძვი, მე ვცდილობ საკუთარი თავის გადარჩენას ამ ქვეყანაში და ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებას. არ მინდა რომ ძლიერი ქვეყნის აშენების იმედი გამიქრეს, ასეთი ქვეყნის პერსპექტივას კი დღეს ვეღარ ვხედავ..! ახლა ალბათ წამოვა ტალღა ნეგატივის, ყველა თავისებურად მოთარგმნის ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და მორჩა. ერთადერთი მოთხოვნა მაქვს ამ ჩემი პროტესტის ფონზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მისცენ ადექვატური მკურნალობის შესაძლებლობა, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, იმიტომ კი არა, რომ ის მიშა სააკაშვილია? მხოლოდ იმიტომ რომ ის ქვეყნის პრეზიდენტი იყო და მთავარსარდლები ნებისმიერ ქვეყანაში ასე არ უნდა იხოცებოდნენ! ჩვენ ამ მხარეს მდგომები, ალბათ არაფრად ვუღივართ ამ ხელოსუფლებას, მაგრამ ახლა მარტო ერთი კაცი კი არა - საქართველოა გადასარჩენი!!!გადაიყვანეთ მიშა სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და გადადგით ნაბიჯი პოლარიცაზიის დასრულებისკენ, ნუ ვიზამთ ისე, რომ ისტორიამ აღარ გვაპატიოს... შევხვდებით რუსთავის ციხესთან" - წერს თუმანიშვილი.