დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი უსირცხვილო სპეკულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას და შეურაცხყოფას მაყენებს, უარს ვაცხადებ შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ნებისმიერი დასახელების მიღებაზე, მათ შორის, მინერალებსა და ვიტამინებზე, გლუკოზის აბებზე ,- ამის შესახებ ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
ამასთან, სააკაშვილი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე მან კუჭზე გარკვეული ოპერაცია გაიკეთა. როგორც ის აცხადებს, ბოლო ქირურგიული ჩარევა 5 წლის წინ მოხდა.
"ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა 5 წლის წინ და ამას არ გამოუწვევია კვების შეფერხება.30 ოქტომბრის შემდეგ, მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი.
არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ.
დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი უსირცხვილო სპეკულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას და შეურაცხყოფას მაყენებს, უარს ვაცხადებ შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ნებისმიერი დასახელების მიღებაზე, მათ შორის, მინერალებსა და ვიტამინებზე, გლუკოზის აბებზე. ვერ მოგატყუებთ, ჩემი მდგომარეობა, ჩემი შეგრძნებით, მკვეთრად გაუარესდა და, ვფიქრობ, მალე მძიმე გართულება გარდაუვალია.
ზოგიერთი გართულება უკვე ისედაც აშკარაა და ბოლო დღეებში ადმინისტრაციას მოუხდა უკვე, რამდენიმე გარე სპეციალისტის გამოძახება. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება. ახლა მე ქართველი ხალხის იმედი მაქვს. ჩემი სამშობლოს პატრიოტების სოლიდარობის, ადამიანურობის ჰუმანურობის და და მოქალაქეობრივი პოზიციის. „დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!- აღნიშნულია სააკაშვილის მორიგ გზავნილში.