ავტორი:

რა ვითარებაა რუსთავის ციხესთან, სადაც ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

რა ვითარებაა რუსთავის ციხესთან, სადაც ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან “ნაციონალური მოძრაობისა” და მათი მხარდამჭერების აქცია დაიწყო. აქციაზე მყოფი მოქალაქეები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, სადაც პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შესაბამისი პირობები იქნება უზრუნველყოფილი.

აქცია, რომელიც 17:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზად “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა დაასახელა ის, რომ სცენის აპარატურა, რომელიც აქციისთვის იყო ადგილზე მიტანილი, აქციის დაწყებამდე სამართალდამცველებმა წაიღეს და მოგვიანებით დააბრუნეს. ამასთან, მისი თქმით, ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა, რამაც ასევე დააგვიანა აქციის დაწყება.

აქციაზე მოქალაქეებს უჭირავთ ბანერები წარწერებით: ”თავისუფლება მიშას”, “თავისუფლება სამშობლოს მშენებელ სააკაშვილს”. ასევე, ისმის შეძახილები: “მიშა, მიშა”.

ამასთან, რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. პატრულმა გზა აქციის დაწყებამდე გადაკეტა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის ციხეში პროტესტის ნიშნად უკვე 37-ე დღეა შიმშილობს.