საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ მის მიერ ციხის საკნიდან გამოხედვის გამო მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააკაშვილი „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს. სააკაშვილი ინტერვიუში თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ ადგომა უკვე აღარ შეუძლია.
"დილის შემოწმებიდან გამათავისუფლეს, რადგან უკვე ფიზიკურად ვერ ვდგები. დილიდან განსაკუთრებულად სუსტად ვარ. ანალიზებში კრიტიკული მონაცემების დავარდნის გამო კალიუმი გადამისხეს ორჯერ და პირველად ცხოვრებაში, მქონდა ჰიპერტონიული კრიზი. ექიმები ძალიან ყურადღებიანები არიან ისევე, როგორც რეანომობილის ბრიგადა, მაგრამ მათი რესურსები შეზღუდულია. ამდენ ლაყბობას, ერთხელ გამომიყვანონ ტელეკამერების წინაშე და ხალხი თვითონ მიხვდება ჩემ მდგომარეობას. მე არ ვიცნობ ისტორიაში ასეთ მაგალითს, რომ რომელიმე ქვეყნის ხელისუფალს თავისი მოწინააღმდეგის ვიზუალის და ხმის ასე ეშინოდეს. აპირებენ უხმაუროდ, ჰაერით გადაყვანას. ზუსტად ისე, როგორც მომექცა პოროშენკო 2018-ში, ჩვენს უკრაინელ მომხრეებს რომ არ გავეთავისუფლებინე.
ფანჯრიდან ჩემი გამოხედვის და ხელის დაქნევის შემდეგ მგონი, ციხის დირექტორი მოხსნეს, ვინაიდან მას შემდეგ აღარ მინახავს. უკრაინელმა ომბუდსმენმა, რომელიც ავტორიტეტული ფიგურაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მიმართა ევროპარლამენტს, რომ რაც ჩემს მიმართ გამოიყენება, ეს არის კლასიკური წამება. მე ვიცი რას დავუპირისპირდი - ბოროტებას, სუფთა სახით. ბოროტებაა, როცა სხვას უსურვებ სიკვდილს. ჩვენ ვერ შევიყვარებთ ივანიშვილის ჯგუფს, მაგრამ უნდა ვისწავლოთ წითელი ხაზების ვერგადაკვეთა“, - ამბობს ინტერვიუში სააკაშვილი.
ამასთან, სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
"ყოველთვის არსებობს ხანმოკლე მომენტები ყოყმანის, მაგრამ ამასწინათ დედაჩემმა მითხრა, აბსოლუტურად სწორ დროს ჩამოხვედიო და იგივე მითხრა ჩემმა შვილმა ედუარდმა, რომელიც მანამდე ჩემი ჩამოსვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო - „შენი ინტუიცია უფრო სწორი აღმოჩნდაო“.
კითხვაზე, რა როლი ჰქონდა საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებაში ვანო მერაბიშვილს? მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: „ვანო დიდი ხანია არ მინახავს. ჩემ გადაწყვეტილებებს თვითონ ვიღებ. ჩემი გულის კარნახით ჩამოვედი საქართველოში იმიტომ, რომ ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ხალხის და ისტორიის წინაშე, რომ ეს ისტორია არ შეწყდეს“, - წერს სააკაშვილი.