საქართველოს პროკურატურამ შსს ხობის რაიონული სამართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდებარე, შსს ხობის რაიონული სამართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილების შენობაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, ამავე განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.