2021 წლის 6 ნოემბერს, ქალაქ შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტ-ექსპოს ფარგლებში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა პირველი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ფორუმი, სადაც „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ და „ფენჯიუ ჯგუფმა“ ერთობლივი სასაჩუქრე პროდუქტი წარადგინეს. „ფენჯიუ ჯგუფი“ ჩინური ნაციონალური სასმელის - ბაიჯიუს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. სასაჩუქრე პროდუქტი ორი ქვეყნის ნაციონალური სასმელებისგან შედგება, დუგლაძეების ღვინის კომპანიის საფერავი სუპერიორი და ფენჯიუ ჯგუფის ბაიჯიუ. ფორუმის მიმდინარეობა ჩინეთის წამყვანმა მედიასაშუალებებმა გააშუქეს.
ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას ვიდეო მიმართვით მიესალმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში - არჩილ კალანდიამ.
ფორუმზე დუგლაძეების ღვინის კომპანია ცნობილმა ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა კესედი დარტსმა წარადგინა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქართული ყურძნის უნიკალური ჯიშები, ისაუბრა ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალურ ქართულ მეთოდზე და აღნიშნა ღვინის დარგის სწრაფი განვითარების ტემპები საქართველოში.
„დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ და „ფენჯიუ ჯგუფმა“ ერთობლივი პროდუქტის წარმოების შესახებ შეთანხმება 2018 წელს გააფორმეს, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტ-ექსპოს პირველი გამოფენის ფარგლებში. კომპანიები მომავალშიც გეგმავენ ერთობლივი პროექტების განხორციელებას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების ხელშეწყობას.
R