დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდ პასპორტში დაფიქსირდება ვირუსის გადატანა და არა გადატანის თარიღი. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, დღეს იყო აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და მიღებული გადაწყვეტილებით, პასპორტში ფიქსირდება აცრა და არა კონკრეტული თარიღები.
"ამ ეტაპზე საბჭოს წევრთა უმრავლესობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ კოვიდპასპორტში დაფიქსირებულიყო ვირუსის გადატანა და არა გადატანის თარიღი. ისევე, როგორც ფიქსირდება 2-ჯერ აცრა და არა 2-ჯერ აცრის თარიღი. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილებაა მიღებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, თუ ადამიანი 2-ჯერ აცრილია და გადატანილი აქვს კორონავირუსი, უფრო დაცულია.
"მედიცინაში 100 %-იანი არაფერი არის, აბსოლუტური უსაფრთხოება არ არსებობს. შეიძლება იყოთ ორჯერ აცრილი, შესაძლოა, პსრ ტესტიც უარყოფითი გქონდეთ, მაგრამ არსებობს მეტ-ნაკლები რისკის ცნება. ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი 2-ჯერ აცრილია, თუ მას გადატანილი აქვს დაავადება, მიუხედავად იმისა, როდის არის აცრილი, უფრო მეტად დაცულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.