დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. მწვანე პასპორტებისთვის სპეციალური აპლიკაციაა შექმნილი, რომლის ჩამოტვირთვაც სმარტფონებიდანაა შესაძლებელი და ის დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზებთან.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათ, ვისაც სმარტფონი არ აქვს, კოვიდპასპორტის აღება იუსტიციის სახლში შეეძლება.
"ეს აპლიკაცია დაკავშირებულია ჩვენს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორ ბაზასთან: იმუნიზაციის ბაზა და ასევე, კოვიდლაბ ბაზა, სადაც ყველა დიაგნოსტირებული ანუ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. სწორედ ამ ბაზებიდან ამოიღებს აპლიკაცია ინფორმაციას კოვიდ დადებითი თუ ხართ, პსრ გაქვთ თუ არა ბოლო 72 საათში გაკეთებული, ან ბოლო 24 საათში ანტიგენის ტესტი. შესაბამისად, აცრის სტატუსსაც ამოიღებს.
ვისაც არ აქვს სმარტფონი და ეს ჩვევა, რომ იმუშაოს აპლიკაციასთან, მათ იუსტიციის სახლში შეუძლიათ აიღონ ქაღალდზე კოვიდპასპორტი და ესეც იმუშავებს იმ დაწესებულებებში შესვლაზეც, რომელიც უკვე დადგენილია.
რაც შეეხება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მათთვის კოვიდპასპორტი ნაკლებად იმუშავებს. არამგონია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა რესტორნებსა და გასართობ ცენტრებში დადიოდეს, სადაც დღეს დავადგინეთ ეს მოთხოვნა. სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სწორედ ხანდაზმულებისთვის წამახალისებელი მექანიზმი ვფიქრობ, რომ სერიოზულად იმუშავებს,“- განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოთ განაცხადა, ვაქცინაციის პროცესის წამახალისებელმა ლატარიამ იმუშავა თუმცა არა ისე როგორც მოსალოდნელი იყო, ამის მიზეზი კი გამყრელიძის თქმით, შეიძლება ამბის არასაკმარისი გაშუქება ყოფილიყო.