ავტორი:

"არ გადმოდიოდა მანქანიდან და გადმოიყვანეს ძალით... უარს აცხადებს მკურნალობაზე და აგრძელებს შიმშილობას" - ომბუდსმენის წარმომადგენელი სააკაშვილზე

"არ გადმოდიოდა მანქანიდან და გადმოიყვანეს ძალით... უარს აცხადებს მკურნალობაზე და აგრძელებს შიმშილობას" - ომბუდსმენის წარმომადგენელი სააკაშვილზე

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ ღოღაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობაზე უარს აცხადებს და შიმშილობას აგრძელებს.

როგორც ღოღაძემ ჟურნალისტებს მე-18 დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, თუმცა, მიიღო თუ არა მან რაიმე დაზიანება ციხის საკანში შესახლების მომენტში, მოკვლევა მიმდინარეობს.

"მანქანიდან გადმოყვანა და შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით. პროტესტის ნიშნად ის აცხადებდა უარს და არ გადმოდიოდა მანქანიდან და გადმოიყვანეს ძალით. მოკიდეს ხელი და აიყვანეს საკანში. წარმოება მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გეტყვით, [დაზიანება აქვს თუ არა]. მე ვერ შევნიშნე დაზიანება. უარს აცხადებს მკურნალობაზე და აცხადებს შიმშილობას“, - განაცხადა ღოღაძემ.

შეიძლება თუ არა ჩაითვალოს გლდანის ციხეში პატიმრების ხმაური და მიხეილ სააკაშვილის მისამართით უცენზურო სიტყვების გამოყენება ფსიქოლოგიურ ზეწოლად, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამაზე მოკვლევა მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს წარმოება და ამის შეფასება მოხდება“, - განაცხადა ღოღაძემ.