ავტორი:

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომელთაც ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს, იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით მიდიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომელთაც ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს, იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით მიდიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით მიემართებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრა და გასაუბრება სურთ. ისინი მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან თავისუფლების მოედნიდან გადაინაცვლეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ტერიტორიაზე წარწერის გაკეთებას ცდილობდნენ, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული. მათ გამთენიისას შენობის წინ დამატებით რკინის ჯებირები განათავსეს.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეს საპროტესტო აქციები ქალაქის სხვადასხვა წერტილში გაიმართება. ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან, იუსტიციის სამინისტროა.