ავტორი:

"თავისუფლება - პროცესი სამართლიანობისთვის“ - ლევან იზორიას წიგნი თავისუფლების იდეის ორიგინალური აღქმით

"თავისუფლება - პროცესი სამართლიანობისთვის“ - ლევან იზორიას წიგნი თავისუფლების იდეის ორიგინალური აღქმით

"ადამიანის ღირსება განუყოფელია, არ შეიძლება მისი განსაზღვრა დიფერენცირებულად, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, თუ სხვა საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეული სფეროს კრიტერიუმებით. ადამიანი საზოგადოების წევრია და მისი თავისუფლებისა და განვითარების საზომი, საზოგადოებაში, როგორც მთელში, მისივე ღირსეული და თავისუფალი ცხოვრება უნდა იყოს", - ეს სიტყვები ამონარიდია ლევან იზორიას წიგნის წინათქმიდან - "თავისუფლება - პროცესი სამართლიანობისთვის“.

იზორიას, რომელიც 2020 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, თავისუფლებაზე წიგნის შექმნის იდეა 2019 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილეს აღნიშვნის დღეს გაუჩნდა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოდიოდა.

წიგნი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თავისუფლებაზე, როგორც სამართლიანობისკენ სწრაფვის მუდმივ პროცესზე. აღნიშნული პროცესი საზოგადოებაში ყველასთვის თანასწორი განვითარების სასტარტო პირობების შექმნას და შენარჩუნებას განაპირობებს. წიგნი ეხება თავისუფალ და ავტორიტარულ სისტემებს შორის მეტოქეობასაც - დაპირისპირებას პასუხისმგებლობასა და უპასუხისმგებლობას, და ასევე, სამართლიანობასა და უსამართლობას შორის.

სამართლიანობისკენ სწრაფვაზე გაკეთებული აქცენტი კი თავისუფლების იდეის ორიგინალურად და ახლებურად წარმოჩენაა. ავტორის ტექსტს წინ უძღვნის პროფესორისა და დოქტორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურიასა და მწერლის, დათო ტურაშვილის გამოხმაურებები.

რატომაა მნიშვნელოვანი, ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ თავისუფლების ცნებაზე? ჭანტურია წერს, რომ:

"თავისუფალი სამყაროს, ანუ დასავლეთის, არსებობის საფუძველს წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების იდეა. ეს თავისუფლება შესაძლოა არსებობდეს და ვითარდებოდეს მხოლოდ თანამედროვე სამართლებრივ სახელმწიფოდ მოწყობილ და ორგანიზებულ საზოგადოებაში. თავისუფლება სწორედ ამ კონტექსტში იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას“.

ლადო ჭანტურიას შეფასებით, "ავტორი დამაჯერებლად აჩვენებს სახელმწიფოს სპეციალურ როლსა და ფუნქციას თავისუფლების მეშვეობით სამართლიანობის მიღწევის პროცესში. ამ პროცესის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს კონსტიტუცია“. ასევე, გამოხმაურებაში ვკითხულობთ სახელმწიფოს როლის შესახებ შემდეგს:

"მართალია, სახელმწიფო, ერთი მხრივ, იცავს თავისუფლებას, იმავდროულად, თავისი ფუნქციების განხორციელებისას მას უწევს ინდივიდთა თავისუფლების შეზღუდვაც“.

რაც შეეხება წიგნის დათო ტურაშვილისებურ შეფასებას, მწერალი აღნიშნავს, რომ ლევან იზორიას წიგნის კითხვა ყველაზე საჭირო დროს დაიწყო.

"ყველაზე რთული მეცნიერება, მე მაინც პედაგოგიკა მგონია და ამ წიგნში კი სწორედ ისიც აღმოვაჩინე, რასაც სულ ვეძებ - თუ როგორ უნდა აღიზარდოს ბავშვი თავისუფლებისა და სამართლიანობის საკვებთან ერთად, როგორ ისწავლოს პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომ მერე დიდობაში, ის არ დაემართოს, რაც უფროსებს ემართებათ ხოლმე, როცა ჩაგვრისა და უსამართლობის მხარეს დგებიან (თუნდაც შემთხვევით)“, - წერს ტურაშვილი.

ქართველი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ისაა, როგორ მიესადაგება წიგნში აღწერილი თავისუფლების იდეა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ადამიანს. ავტორის სიტყვებით, "თავისუფალ სამყაროში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ისტორიული არჩევანია. სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ქართველთა იდენტობის განუყოფელი ნაწილია, დასავლეთთან ინტეგრაციის სტრატეგიული მიზანი კი - მოსახლეობის ღირსების გამოძახილი. საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა, პირველ რიგში, საკუთარი ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად აიღოს მეტი პასუხისმგებლობა, შექმნას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მტკიცე ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მთელი თავისუფალი სამყაროს საერთო გამოწვევაა“.

რაც შეეხება ავტორის ბიოგრაფიას, პროფესორმა და დოქტორმა ლევან იზორიამ, რომელიც ამჟამად საქართველოს ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 1996 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

მან 1998-1999 წლებში მიიღო გერმანიის ქ. გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. იზორია ამ პერიოდს წიგნში ასე იხსენებს:

"ჩემი თეორიული და პრაქტიკული სურვილების დასაკმაყოფილებლად ბედმა გამიღიმა, 1998-2002 წლებში სამეცნიერო მუშაობის შესაძლებლობა მომეცა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ეს პერიოდი საუკეთესო საშუალება იყო, კარგად გამეგო თავისუფლების არსი, მეცხოვრა თავისუფლების კულტურით ევროპაში, გამემიჯნა თავისუფლების ილუზია და რეალობა“. 2003-2004 წლებში გერმანიის კონრად ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის წარმომადგენლად მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში, 2004-2006 წლებში – შსს-ს აკადემიის რექტორი იყო. 2006 წელს არჩეულ იქნა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორად და დაინიშნა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანად. 2007-2016 წლებში იკავებდა პროფესორის აკადემიურ თანამდებობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2012 წლიდან იკავებდა სახელმწიფო თანამდებობებს - 2012-2015 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2015-2016 წლებში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, 2016-2019 წლებში - თავდაცვის მინისტრი, 2019-2020 წლებში კი საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ლადო ჭანტურიას გამოხმაურება რომ მოვიშველიოთ, "წიგნში გაკეთებული მრავალი დასკვნა ავტორის პროფესიული გამოცდილებით არის განმტკიცებული, რაც ამ უაღრესად საინტერესო წიგნს კიდევ უფრო დიდ ღირსებას მატებს ...