ავტორი:

"მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი..." - უმკაცრესი შეფასებები ევროპიდან და მინიშნება ფინანსურ სანქციებზე

"მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი..." - უმკაცრესი შეფასებები ევროპიდან და მინიშნება ფინანსურ სანქციებზე

ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართულ ვებინარზე, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ზეგავლენა შეაფასეს, ევროპარლამენტარებმა განცხადებები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გააკეთეს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განაცხადებით, სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და ეს ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა.

ელჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სანდო ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის სახალხო დამცველი. ევროკავშირმა განაცხადა, რომ სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა. ეს უფლებები მოიცავს გამჭვირვალე, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, ისევე როგორც მისი პატივისა და ღირსების დაცვას სასჯელაღსულების დაწესებულაბაში მისი ყოფნის დროს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მისი ეს უფლებები სრულად დაიცვას", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კიდევე ერთმა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ შეშფოთება გამოთქვა სააკაშვილის შიმშილობის გამო. მან ექსპრეზიდენტის პატიმრობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუციელებელია ღია და გამჭვირვალე სასამართლო გაიმართოს.

"ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით. შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან. მე უკვე წლებია საქართველოში მიმდინარე არჩენებს ვაკვირდები და სისტემატიურად ჩამოვდიოდი ქვეყანაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პანდემიით შექმნილ მდგომარეობას. საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოსავლის მოძებნა. ჩვენ მხედველეობაში უნდა მივიღოთ, ის მოვლენებიც, რომლებიც მოხდა საქართველოში 2019 წლის ივნისში. ქართველები პატიოსანი და ამაყი ხალხია, რითაც მე აღფრთოვანებული ვარ. ჩვენ ბევრი საერთო მახასიათებლები გვაქვს. გასაგები იყო ქართველი ხალხის რეაქცია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე ვიზიარებ აზრს, რომ მისი მმართველობა არ იყო სრულყოფილი. მე ვაკვირდებოდი 2012 წლის არჩევნებს, როდესაც ძალაუფლების გადაცემა ძალიან მშვიდობიანი გზით მოხდა. როდესაც ეგზიტპოლის შედეგები ცნობილი გახდა მან ოპონენტის გამარჯვება აღიარა და ძალიან მშვიდად იქცეოდა. და რა მოხდა საქართველოში მისი დაბრუნების შემდეგ? ფაქტობრივად, მას პატიმრობა სასამართლოს გარეშე მიუსაჯეს. მას ჰქონდა ყველანაირი უფლება, რომ თავის ქვეყანაში ჩამოსულიყო. მე იმედი მაქვს ნამდვილი, ღია და გამჭვირვალე სასამართლოსი. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი შიმშილობით. შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან. ჩვენ უფრო მეტად საქართველოს მეგობრები ვართ და გვსურს ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ვინ მართავს ქვეყანას. ახლა რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არ არის სწორი. გთხოვთ დარჩით მტკიცედ. გთხოვთ გამონახოთ გამოსავალი. ეს თქვენი როლია და არა ჩვენი. ჩვენ შეგვიძლია გიშუამდგომლოთ, თუმცა გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. ევროკავშირის, შარლ მიშელისა და ელჩ ჰარცელის როლი ამ პროცესში ძალიან პოზიტიურია“, - განაცხადა მან.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ვებინარზე "ქართული ოცნების" მისამართით მკაცრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ისე შორსაა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს.

"მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, ისინი ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს. მე ვგულისხმობ იმას, რომ ასოცირების შეთანხმება კვლავ პოლიტიკურ ჩარჩოდ რჩება, რომელიც არ შესრულებულა, მათ შორის სასამართლოს რეფორმების კუთხით, ასევე სხვა რეფორმების კუთხით. ისინი ყოველ დღე სცილდებიან მას და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა საჭიროა ფინანსური რეაგირება. არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის, ბევრი მისი დაპირების შესასრულებლად და ასევე საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად,“ - აღნიშნა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.