ავტორი:

"შვილები ურეკავდნენ ელენეს, შეშინებულები იყვნენ კობახიძის განცხადების შემდეგ..." - რას ამბობს გიორგი ვაშაძე ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ

"შვილები ურეკავდნენ ელენეს, შეშინებულები იყვნენ კობახიძის განცხადების შემდეგ..." - რას ამბობს გიორგი ვაშაძე ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ

"კობახიძისგან გარდა სიტუაციის გამწვავებისა, არანაირი გზავნილი არ იყო - არ შეიძლება კონკრეტული ფაქტების გარეშე გამოსვლა და დაბრეხვება რაღაც თემის, ოღონდ "შენი გაისწორო", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ელენე ხოშტარიას მოწამვლა იგეგმება.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს, რომ ხელისუფლება შეავიწროვოს, იქნება ეს საპროტესტო აქციები თუ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა.

"მოვინახულეთ ელენე, აშაკარად ეტყობა სისუსტე. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და ზოგადად, ქვეყანაშია მძიმე მდგომარეობა, რაც კიდევ უფრო მძიმდება იმ განცხადებების ფონზე, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს. კობახიძისგან გარდა სიტუაციის გამწვავებისა, სხვა არანაირი გზავნილი არ იყო. სამწუხაროდ, ტყუილი არის მათი სტანდარტი. აქ ვიყავი და შვილები ურეკავდნენ ელენეს, როგორი შეშინებულები იყვნენ იმ განცხადების მერე, რაც გააკეთა კობახიძემ, რომ თითქოს ვიღაც გეგმავს ელენეს მოწამვლას. ხომ არ შეიძლება ხელისუფლებამ გადააბიჯო ყველა სტანდარტს, ზღვარს, ჭორიკანად იქცე, გამოიგონო ტყუილი და ამაზე იყოს მერე საუბარი. როცა პოლიტიკაში ხარ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხარ, იმაზე მაინც ხომ უნდა ფიქრობდე, რომ ამ ადამიანებს ოჯახის წევრები ჰყავთ, რომლებიც ნერვიულობენ ყველა მსგავსი განცხადების გამო. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს არის ტყუილი, როგორიც იყო მათგან, რომ ვიღაც ვიღაცის მკვლელობას აპირებს, ჯერ ჟურნალისტის, მერე ოპოზიციონერის, მერე ელენეს მოწამვლას აპირებენო, ასე ხომ არ შეიძლება?! კონკრეტული ფაქტების გარეშე გამოსვლა და დაბრეხვება რაღაც თემის, ოღონდ "შენი გაისწორო", უხეშად რომ ვთქვათ. ამაზე უნდა გვქონდეს მკაცრი და მკაფიო პასუხი.

სამი წელია უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი გვაქვს და ეს არის გადასალახი. მექანიზმი შეიძლება იყოს პროტესტი, საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობა, ყველა მექანიზმის გამოყენება, რომ შევავიწროვოთ "ქართული ოცნება" და შევუქმნათ დისკომფორტი ყველა ვითარებაში, პარლამენტში თუ ნებისმიერ სხვა ადგილზე. ასე ვერ გაგრძელდება. სამწუხაროდ, გამოცდილებაც ასეთი გვაქვს, გამძლეობას ვაჩვენებთ ხოლმე, ერთი თვე გრძელდება, რამდენიმე კვირა და მერე იწყება ხოლმე კრიზისული ვითარების გადაწყვეტა. მესამე ფაზაა კრიზისის, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა გზა არის, მთავარი გზა არის ხალხის ხმა, მინდა საზოგადოებას მივამართო, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის,"- განაცხადა ვაშაძემ.