ავტორი:

"ხელისუფლება სააკაშვილს პოლიტიკურად "ათეთრებს" - "ოცნების" სპეცოპერაცია" ბოლივუდური სცენარით?

"ხელისუფლება სააკაშვილს პოლიტიკურად "ათეთრებს" - "ოცნების" სპეცოპერაცია" ბოლივუდური სცენარით?

8 ნოემბერს ოპოზიციის ფართომასშტაბიან აქციამდე, ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანა.

"გადმომათრიეს მანქანიდან, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მათრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა. ციხის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა: ჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში და გინებაც მოაყოლა“, - ვკითხულობთ სააკაშვილის წერილობით გზავნილში.

გუშინდელი დღის შემდეგ, ოპოზიცია საპროტესტო აქციების რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა ფორმით მართავს და როგორც ამბობენ, ექსპრეზიდენტის მომხრეები სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას გააგრძელებენ, ვიდრე სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეში იქნება. ჯერჯერობით უცნობია, გადაიყვანენ თუ არა მოშიმშილე სააკაშვილს მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში. უცნობია ისიც, სად ჩატარდება 10 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი, თუმცა, როგორც წყარო გვეუბნება, სავარაუდოდ, ეს დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

არც ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია დღეს გამართულ ბრიფინგზე, სად გაიმართება ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი, მან თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ არ აყვნენ პროვოკაციას და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სააკაშვილი ბოლომდე მოიხდის სასჯელს და "ამ წუთიდან სააკაშვილის თემას ხურავს“.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, ხელისუფლება სააკაშვილის მორალურ განადგურებას ცდილობს, პოლიტიკურად ეხმარება, მაქსიმალურად ათეთრებს და გუშინ შექმნა იმის საფუძვლები, რომ ახლა ექსპრეზიდენტმა არაადამიანურ მოპყრობაზე დაიწყოს აპელირება.

"ხელისუფლების მიზანია სააკაშვილის მორალური განადგურება. პოლიტიკაში მორალური განადგურებაა მთავარი, ფიზიკურად ადამიანის განადგურება უფრო პრობლემური ხდება ხოლმე. პრინციპში, ამ მორალურ განადგურებას ისინი დიდი ხანია ეწევიან. პირველ სერიაში პატიმარ სააკაშვილს ე.წ. ფაფა "ჩაუდეს", მეორე სერიაში, ასე რომ ვთქვათ, კრიმინალების პირში ჩააგდეს. გუშინ მეორე მიზანიც ამოძრავებდა, იმას თუ გავითვალისწინებთ, რა მომენტში რა ხდებოდა - ოპოზიციას დაანონსებული ჰქონდა აქცია და ხელისუფლება ეცადა, რომ შეექმნა გარკვეული ფორმალური საფუძველი იმისა, რომ მოეხდინა ოპოზიციის დელეგიტიმაცია, ოპოზიციას რაღაც უნდა ჩაედინა, წითელი ხაზები გადაეკვეთა და მერე ხელისუფლებას შეექმნებოდა ფორმალური საფუძველი იმისა, რომ ოპოზიცია ეცემა.

მათ ჰქონდათ ეს მოლოდინი, ამიტომაც იყო ადგილზე მობილიზებული პოლიცია, სახანძროები და სხვა ტექნიკა, სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდა, ოპოზიცია ემოციაზე გადადგამდა ისეთ ნაბიჯებს, რაც შექმნიდა მათი გალახვის, ფიზიკური დაჩაგვრის საფუძველს. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა, ოპოზიცია ამაზე არ წამოეგო და კარგია, ამას მაინც რომ ავცდით. ხელისუფლებას გუშინ ეს 2 მიზანი ამოძრავებდა, მაგრამ შესრულების ხარისხი არის კატასტროფული. "პალიტრის“ ეთერში მითხრეს, ეს ჰოლივუდის სცენარს ჰგავდაო, მაგრამ ეს ბოლივუდის უფრო იყო, როდესაც ჯურღმულებში ვიღაც სტრატეგები გეგმავდნენ და მერე ახორციელებდნენ ფეიკვერტმფრენის გადაფრენას, რაღაც ჯიპების აქეთ-იქეთ სიარულს, დედას ეს ვუთხრათ, შვილებს - ისო, სახალხო დამცველს ეს მოვატყუოთ, ექიმებს - ისო და საბოლოოდ, ასეთი "გენიალური სპეცოპერაცია“ ჩაატარეს.

ხელისუფლება სააკაშვილს რომ მაქსიმალურად ათეთრებს, ეს სრულიად ცხადია, გუშინ ხელისუფლებამ შეიძლება ითქვას, შექმნა იმის საფუძვლები, რომ ახლა ექსპრეზიდენტმა არაადამიანურ მოპყრობაზე დაიწყოს აპელირება. ხელისუფლება პოლიტიკურად სააკაშვილს ნამდვილად ეხმარება. რაც შეეხება რევოლუციას, მაინც ვფიქრობ, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არის. რევოლუცია მაშინ ხდება, როცა ხალხი რჩება ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის სტერილური ხელისუფლება. დღეს კი ხალხი ერთ მხარეს არ არის. ჩვენი საზოგადოება სამ ნაწილად არის გაყოფილი და ის ნაწილი, რომელსაც ძალიან არ მოსწონს ხელისუფალი, მაგრამ არც სააკაშვილის ბელადობაზეა თანახმა (და ეს ყველაზე დიდი ნაწილია), ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და ხელისუფლება ამ პროცესში ამით სარგებლობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფო გვენგრევა თავზე და ეს კეთდება არა მხოლოდ ერთი მხარის მიერ, არამედ, ამ ნგრევაში ლომის წილი თვითონ ხელისუფალს აქვს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის მიზნით გვყავს დაქირავებული. ხელისუფალი მუშაობს არა იმ ამოცანაზე, რომლისთვისაც დავიქირავეთ, არამედ მის საწინააღმდეგო ამოცანებზე. "ოცნებას“ უნდათ სააკაშვილი მორალურად გაანადგუროს და მერე იღლიცინონ ამაზე. მითხარით, რომელ სახელმწიფოებრივ პრობლემაზე ფიქრობენ? დღეს, ერთ დღეში 75 ადამიანი დაიღუპა, რომელსაც უნდა ეცოცხლა, ხელისუფლება თუ სრულფასოვნად წარმართავდა ეპიდსიტუაციას. ტარიფები იმატებს, საშუალო სტატისტიკური ქართველი სიღარიბის ზღვარს მიღმაა დარჩენილი და ვხედავთ, ამაზე ხელისუფალი არც იღებს პასუხისმგებლობას.

იმდენად არაადეკვატურია ყველაფერი, იმდენად არ ემორჩილება არანაირ ლოგიკას, რომ პროგნოზებზე საუბარიც არ მინდა. როგორ შეიძლებოდა იმ საგიჟეთის პროგნოზირება, რაც გუშინ მოხდა? შესაბამისად, პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. ვითარება არის რთული, მწყობრი გამოსავალი არ არსებობს, უფრო სწორად, კი არსებობს, მაგრამ როდესაც ყველას მონოლოგით უნდა საუბარი და დიალოგში შესვლა არა, როგორ შეიძლება, რაღაც გამოსავალზე ვისაუბრო? ახლა ორივე მხარე ცდილობს, ერთმანეთს შეცდომა დააშვებინოს. მათ ჰგონიათ, რომ პოლიტიკა არის ჭიდაობა, კუნთების თამაში და ეს ქვეყანა მათი ტატამი და მეტი არაფერი“.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი დარწმუნებულია, რომ არავითარი არეულობა ამ ქვეყანაში არ მოხდება და თუ ვინმე ეცდება უკანონო მოქმედებას, მიხეილ სააკაშვილს მიუჯდება გვრდით. მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაქსიმუმ 45 დღეში მიმდინარე პოლიტიკური სეზონი დასრულდება, რომელშიც, რა თქმა უნდა, კვლავ "ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ციხეში შეხვდება.

"გუშინ არაფერი ისეთი მომხდარა, რაც აქამდე არ მომხდარა და არ უნახავს ქართულ საზოგადოებას - რამდენიმე ასეული ადამიანის მორიგი უნიჭო მცდელობა ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის. რადიკალურ ოპოზიციას და მის ბელად სააკაშვილს დღეს, ფაქტობრივად, მანევრის ყველა გზა მოჭრილი აქვს. არჩევნები აღიარებულია, რევოლუციური სცენარი სულს ღაფავს და ზოგადად, ასე ვინმეს დაძახილზე რევოლუციები არ ხდება. რევოლუციის მოსაწყობად ბევრად მეტი რაოდენობის ადამიანია საჭირო. როდესაც რევოლუცია ხდება, ძალთა ბალანსი უნდა იყოს დაახლოებით 4/1-ზე, ეს მარტივი ფორმულაა. არავითარი არეულობა ამ ქვეყანაში არ მოხდება და თუ ვინმე ეცდება უკანონო მოქმედებას, მიხეილ სააკაშვილს მიუჯდება გვერდით. სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდ ნაწილი დაკომპლექტებულია ყოვლად არასერიოზული, საეჭვო წარსულის მქონე მარგინალებით, რომლებიც მუდამ განწირულები არიან მარცხისთვის. მაქსიმუმ 45 დღეში მიმდინარე პოლიტიკური სეზონი დასრულდება, რომელშიც, რა თქმა უნდა, კვლავ "ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს შეხვდება ციხეში. ძალიან ხშირი კონტაქტი მაქვს უკრაინელ კოლეგებთან, არავის სააკაშვილი არ სჭირდება, მის სახელს იქ პრაქტიკულად არავინ ახსენებს. უკრაინაში უამრავი სხვა პრობლემაა და სააკაშვილის საკითხი არის მეათასე ხარისხის. მათ მოწოდებებს არავითარი საფუძველი არ აქვს, ადამიანი არის სერიოზული დამნაშავე და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოიჭრა“, - ამბობს ნიკოლოზ მეტრეველი.