8 ნოემბერს, ოპოზიციის ფართომასშტაბიან აქციამდე, ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანა.
"გადმომათრიეს მანქანიდან, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მათრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა. ციხის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა: ჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში და გინებაც მოაყოლა“, - ვკითხულობთ სააკაშვილის წერილობით გზავნილზე.
"ტვ პირველის" ინფორმაციით პირი, რომელმაც ასე მიმართა ექსპრეზიდენტს, იდენტიფიცირებულია და ეს გოგა ორდენიძეა, რომელიც ქრთამის აღების გამო ყოფილი პატიმარია და მათივე მტკიცებით," ოცნების" სამსახურში ის კახი კახიშვილის ინიციატივით დააბრუნეს.
სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, კახი კახიშვილი, პირველად "პირველებთან" ადასტურებს ინფორმაციას, რომ ძალადობაში დადანაშაულებული გლდანის მე-18-ე სამედიცინო დაწესებულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, გოგა ორდენიძე, სისტემაში მან დააბრუნა.
კახა კახიშვილი ორდენიძესთან პირად ნაცნობობას ადასტურებს. ამბობს, რომ მას იმ დროიდან იცნობს, როდესაც ორდენიძე პოლიციაში მუშაობდა. გარდა ამისა, კახიშვილის თქმით, ისინი უბნელები არიან, თუმცა სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის განცხადებით, მისი სისტემაში დაბრუნება მათ ნაცნობობას არ უკავშირდება.
რაც შეეხება გოგა ორდენიძის კრიმინალურ წარსულს, კახიშვილმა "ტვ პირველს" უთხრა, რომ ორდენიძეს სასჯელაღსრულების სისტემაში დანიშვნისას სასჯელი გაქარწყლებული ჰქონდა. წყარო