ავტორი:

"გელა ის ადამიანი იყო, რომელიც შემთხვევით არ წავიდოდა ამ სამყაროდან..." - როგორ იხსენებენ ყველასთვის საყვარელ მწერალს, დიპლომატსა და პედაგოგს

"გელა ის ადამიანი იყო, რომელიც შემთხვევით არ წავიდოდა ამ სამყაროდან..." - როგორ იხსენებენ ყველასთვის საყვარელ მწერალს, დიპლომატსა და პედაგოგს

დღეს უზომოდ ნიჭიერი, განათლებული, ღირსეული ადამიანი შეუერთდა მარადისობას... გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა და ეს ერთ-ერთი სამწუხარო ინფორმაცია იყო, რაც დილიდან მოვისმინე. ადამიანი, რომელიც უბრალოდ ყველას უყვარდა, რომლის მოსმენა ერთი სიამოვნება იყო და არავის არასდროს ბეზრდებოდა. ეს სხვა უნარებთან ერთად, მისი გამორჩეული თვისება გახლდათ...

თითქოს ისიც ბედისწერა იყო, რომ განგებამ ჩვენი უახლოესი ისტორიის განსაკუთრებული ადამიანები, ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სკოლაში ერთ კლასში შეკრიბა და თანაკლასელებად აქცია. ბატონი გელა ხომ იმ ცნობილი კლასის წევრი გახლდათ, რომელშიც ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გურამ დოჩანაშვილი სწავლობდნენ. ეს საოცარი თაობა, სამწუხაროდ უკვე აღარ არის.

ეპოქალური კლასი

თითოეულის ღვაწლი ქვეყნის წინაშე კი განუზომელია.

ბატონი გელა სიცოცხლის ბოლომდე დიდი შემართებით იყო, მუშაობდა - ასაკს არ ეპუებოდა, თავს მხნედაც გრძნობდა - წერდა, ქმნიდა და ამ ყველაფერს საზოგადოებას აცნობდა... სათქმელს ყოველთვის ამბობდა, მაგრამ არასდროს, არც ერთ პერიოდში ცუდად არავის შეხებია. ესეც მისი ღირსება იყო... ამიტომაც, ადამიანების მეხსიერებას, როგორც ერთ-ერთი ნათელი გონების და კარგი ადამიანი ასე შემორჩება.

ჩარკვიანი 1939 წელს, თბილისში, "ცეკას" მდივნის კანდიდ ჩარკვიანისა და ექიმ თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. დამთავრებული ჰქონდა უცხო ენათა ინსტიტუტი... ასპირანტურის კურსი კი 1970 წელს აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიარა. როგორც თავად ამბობდა, იმ პერიოდმა, მის მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა, რადგანაც სწორედ მაშინ აშშ-ში პიკს აღწევდა ახალგაზრდული რევოლუცია...

1970 წლის 4 ივლისი - გელა ჩარკვიანი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეზე

მისთვის უდიდესი ტკივილი იყო შვილის ირაკლი ჩარკვიანის და მეუღლის, ნანა თოიძის გარდაცვალება. "ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა. ნანა უფრო შორს წავიდა - მან სიკვდილი მომანდომა," - ამბობდა ის...

"ირაკლი იყო არა მხოლოდ მუსიკოსი, უპირველეს ყოვლისა, პოეტი. თვითონ წერდა ლექსსაც და მუსიკასაც... იყო პროზაიკოსიც და ძალიან ფართო სპექტრის ხელოვანი. მისი პოეზია და საინტერესო მეტაფორული აზროვნება სხვებისას არ ჰგავდა, თემატიკაც სხვას ირჩევდა. არ მიჰყვებოდა ტრადიციული ქართული საესტრადო ლირიკული სიმღერის ხატოვანებას. ირაკლის სიმღერის შესრულების მანერაც სხვანაირი ჰქონდა, იმას ვერავინ გაიმეორებს, ტრაგიზმი იყო მის ხმაში და მელოდიაში. ალბათ მეგობრების დაკარგვამაც დიდი წვლილი შეიტანა მის შემოქმედებაში. გენეტიკაც უწყობდა ხელს...

გელა ჩარკვიანი ირაკლი ჩარკვიანთან ერთად
გელა ჩარკვიანი შვილიშვილთან, ნანა ჩარკვიანთან ერთად

ოჯახში ხელოვნება უყვარდათ და ესმოდათ. ირაკლის ბაბუა, კანდიდ ჩარკვიანი არამარტო „ცეკას“ პირველი მდივანი, არამედ კარგი მოყვარული პოეტი და დიდად განათლებული ადამიანი იყო. არაჩვეულებრივად იცოდა გერმანული, თარგმნიდა ჰაინეს ლექსებს. კაცმა, რომ თქვას არც მე ვიყავი უნიჭო მუსიკაში და სხვა საკითხებშიც. რაც შეეხება დედის მხარეს, მისი დიდი ბაბუა, მოსე თოიძე იყო ქართული თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი“ - ჰყვებოდა ბატონი გელა.

მისი კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან დაიწყო, სადაც 1976 წლიდან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა.

ზაზა შენგელია, "ბრავო რექორდსის" ხელმძღვანელი: „ბატონი გელა თავისი განათლებულობით, პატრიოტიზმით, თავმდაბლობით და ზრდილობით ეტალონი იყო. საოცარი ადამიანი, ენციკლოპედიურად განათლებული. წილად მხვდა ბედნიერება, სახელმწიფო სამსახურში რამდენიმე წელი მასთან ერთად მემუშავა და ხშირი ურთიერთობა მქონოდა. სამსახურებრივის გარდა, მისგან ბევრ რამეს ვგებულობდი, ვსწავლობდი.

მერე ჯაზსა და თანამედროვე მუსიკაში უკიდეგანოდ განათლებული ადამიანი იყო. მასთან ურთიერთობით ამ სფეროშიც ჩემს ცოდნას ვივსებდი. ჩვენს სტუდიაში მის სიცოცხლეშივე გამოვეცით ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური ალბომი. აქტიურად მონაწილეობდა ამ ალბომის კონცეპციაში, ჩაწერაში, დიზაინში, რაც ძალიან სასიამოვნო იყო... ჩემი ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში ძალიან საინტერესო ციკლი გავაკეთეთ საქართველოს უახლოეს ისტორიაზე, რომელიც ბატონ გელას მიჰყავდა. ეს მისი ასევე სერიოზული ნამუშევარი იყო, მისი ნააზრევი, რომელიც კარგად იყო შეჯამებული. ვუთანაგრძნობ ყველას ამ დიდი ადამიანის გარდაცვალებას“.

1992 წლიდან 2003 წლამდე გელა ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო, 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან უკვე ელჩი. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წელს შეწყვიტა.

კახი ქენქაძე, დიპლომატი:

"მე ბეტონი გელას მოადგილე გახლდით, როდესაც ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საერთაშორისო სამსახურის უფროსი იყო. 1992 წელს გავიცანი, სამსახურში რომ ამიყვანა, მაშინ სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე იყო. ორივემ იქ 10 წელი ვიმუშავეთ, შემდეგ კი სამი წელი საელჩოში, როდესაც ბრიტანეთში საქართველოს ელჩი გახდა...

საოცარი ადამიანი იყო და მასთან ყოველდღიური ურთიერთობა დიდი ბედნიერება. ბატონ გელას უყვარდა თქმა, კახი, ცხოვრება ნარდია, თუ კამათელი არ მოგივიდა, ვერ მოიგებ, იღბალი გჭირდება. ჩემთვის კი მასთან თანამშრომლობა ნამდვილი იღბალი იყო, ცხოვრებაში გამიმართლა... დიდი დამსახურება აქვს ამ ადამიანს ქვეყნის წინაშე, ქართული სახელმწიფოს წინაშე, მისი შექმნის ისტორიაში. მას მერიტოკრატიის მამას ვუწოდე (მერიტოკრატიაა, როცა ადამიანი სამსახურში მისი ღირსებით აგყავს და არა ნეპოტიზმით)... როდესაც მან ედუარდ შევარდნაძესთან მუშაობა დაიწყო, პრეზიდენტი გააფრთხილა,- ჩემთან არავინ მოვიდეს და არ მთხოვოს ვინმეს სამსახურში მიღება. თვითონ ვიცი, ვისაც ავიყვან და დავასაქმებ - მივიღებ მხოლოდ საქმის მცოდნესო. ადამიანის ნიჭიერებას და უნარებს ასე აფასებდა

ამასთან იყო უბოროტო, არავის არაფერი შურდა. ალბათ ეს გენეტიკურიც იყო. ყველას უყვარდა, სულ ყველას. ერთხელ ბათუმში გავიცანი კარგი კაცი, რომ გაიგო, სად ვმუშაობდი და ბატონ გელას ვიცობდი, მასთან დიდი სიყვარული და მოკითხვა დამაბარა, - ის მე არ მიცნობს, მაგრამ ძალიან მიყვარს, მოკითხვა გადაეციო. ყველას სიყვარულის მოპოვება ადვილი არ არის. ამიტომაც იყო ბატონი გელა ფენომენალური. ერთხელ საელჩოში დიდი მიღება იყო, სადაც ირლანდიის ელჩი ბრიტანეთში მოვიდა. მომიახლოვდა და მეუბნება - თქვენი ელჩი რა უცნაური კაცია?.. უკვე მივხვდი, რომ ბატონმა გელამ რაღაცით გააოცა. ვკითხე, - რას გულისხმობთ-მეთქი? რას და ჯეიმს ჯოისის "ულისედან" ერთი თავი ზეპირად წამიკითხაო. ეს დაახლოებით ისეთივეა, ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში "ვეფხისტყაოსნის" ერთი თავი ქართულად ზეპირად რომ გვითხრას. ასეთი განათლების ადამიანი იყო.

გელ ჩარკვიანს შექსპირის "მეფე ლირი" აქვს ნათარგმნი და ამ პიესის მიხედვით თბილისში, რუსთაველის თეატრში 1980-იანებსა და 1990-იანებში სპექტაკლები დაიდგა.

დათო ევგენიძე, კომპოზიტორი:

"მისი გარდაცვალება მარტო ჩვენ კი არ გვეწყინა, სრულიად საქართველოს და დედამიწას! დედამიწიდან წავიდა ისეთი ადამიანი, რომლის მსგავსი იშვიათია... ბედნიერი ვარ, რომ იმ ეპოქაში დავიბადე, სადაც შემეძლო მასთან ურთიერთობა მქონოდა. თან, ჩემი და ირაკლის მეგობრობიდან გამომდინარე, მათ ოჯახთან აბსოლუტურად სხვა სიახლოვე მაკავშირებს - ბავშვობა მათთან სახლში მაქვს გატარებული. ჩვენ ვიყავით მომსწრე საოცარ ადამიანთან ურთიერთობის, მისი საუბრების, საღამოების ხილვის, მოსმენის...

ბევრ რამეს გვასწავლიდა. ბატონმა გელამ ყველაფერი სიღრმისეულად შეგვასწავლა, ეს არ იყო რაღაც კონკრეტული, მან სამყარო დაგვანახა. მიმაჩნია, რომ საქართველოდან წავიდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი, თუკი ვინმე გვყოლია საუკუნეების მანძილზე. მისი ნააზრევი რომ შეკრიბო, ლექციებიდან, ინტერვიუებიდან, ან პირადად ჩვენთან საუბრებიდან, ერთი სერიოზული ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური წიგნი დაიწერება.

მგონია, რომ გელა ის ადამიანი იყო, რომელიც შემთხვევით არასდროს არ წავიდოდა ამ სამყაროდან. ვფიქრობ, რომ მოენატრა ირაკლი, ნანა მისი საყვარელი მეუღლე და იქ წავიდა...