"საქართველოში დაიწყო მასობრივი აქციები, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით" - ასე ეხმიანება news.mail.ru განვითარებულ მოვლენებს. მათი ცნობით, ექსპრეზიდენტის მომხრეები ირწმუნებიან, რომ პატიმარი სიკვდილის პირას არის, რადგან 40 დღეა შიმშილობს.
"ორშაბათს ის ეზიარა... უფრო ადრე კი, მისმა მომხრეებმა ხელისუფლებას 48 საათიანი ულტიმატუმი მისცეს, იმისათვის, რომ მათი ლიდერი მრავალფუნქციურ საავადმყოფოში გადაეყვანათ. თუმცა, ვერავითარი პასუხი ვერ მიიღეს და ამის შემდეგ მასშტაბური მოძრაობა დაიწყეს, ყველაზე რადიკალური ფორმებით..." - წერს გამოცემა.
dw.com/ru-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი გლდანის სიცხეში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
"ექიმების კონსილიუმი სააკაშვილის საქალაქო საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციას ემხრობა, იგივეს აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მაგრამ მთავრობა მათ მითითებებს არ ითვალისწინებს..." - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც მისი მომხრეები მთელ ქვეყანაში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
"აფერისტი და სიმულიანტი - რატომ არ ელოდებიან "მოშიმშილე" სააკაშვილს არსად" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას კიდევ ერთი გამოცემა ria.ru. გამოცემის ცნობით, მისი მომხრეები ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ, მასობრივი აქციებისკენ და აცხადებენ, რომ მათმა ლიდერმა 15 კგ დაიკლო და თვალსა დ ხელს შუა კარგავს ძალებს.
"ხელისუფლების მომხრეები კი ირწმუნებიან, რომ ეს ექსპრეზიდენტის ახალი ტრიუკია, ვინაიდან რევოლუციის მოწყობა სურს... სამწუთიან ვიდეორგოლში ჩანს, თუ როგორ იღებს რაღაც ფაფებს ექსპრეზიდენტი სამედიცინო კაბინეტში. იმავდროულად ორი მედიკოსი თავის საქმეს აკეთებს, პატიმარს მაგიდაზე მომცრო ზომის ქილები უდგას. სამედიცინო პერსონალი მას კიდევ რაღაც სითხეს უსხამს ჭიქაში. კიდევ ერთ ვიდეოში, სააკაშვილი რაღაც საბუთებს ათვალიერებს და მომცრო ჭიქიდან სითხეს სვამს... თუმცა, ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, მშრალ შიმშილობაზე გადავიდოდა.
სააკაშვილის დაბრუნებამ არჩევნებში მის პარტიას ვერ უშველა. ერთადერთი, რასაც მან მიაღწია, ხმათა რაოდენობა 49,9 %-მდე აეწიათ, მაგრამ ყველა დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში, მეორე ტურში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. არადა, სააკაშვილი ყველას მიმართავდა - ყოველი მათგანი, რომელიც სახელისუფლებო პარტიას აძლევდა ხმას, მის სიკვდილს უჭერდა მხარს. თუმცა, მაინც არაფერი შეცვლილა...
სააკაშვილი იმედოვნებდა, რომ მისი უკრაინაში ექსტრადირება მოხდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამის ლოდინი არ ღირს. თბილისში განაცხადეს, რომ კიევში ის არაფერში სჭირდებათ - თავიანთი პრობლემებიც თავზე საყრელი აქვთ..." - წერს გამოცემა
"სააკაშვილი ციხეში, ათასობით ადამიანი კი, თბილისის ცენტრსა და სხვადასხვა ქალაქებში" - წერს tvrain.ru-ს ინტერნეტგვერდი, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმოხილვისას.
გამოცემის ცნობით, ოპოზიცია ცდილობდა ხელისუფლება იძულებული გამხდარიყო, ექსპრეზიდენტი საქალაქო საავადმყოფოში გადაეყვანათ, მაგრამ მათ ის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რაც "ნაციონალების" ლიდერისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და იქაურობა დააზიანა... ციხეში კი, დამატებითი ძალები შეიყვანეს, სავარაუდოდ, მისი მხარდამჭერების იერიშის შემთხვევაში მათ მოსაგერიებლად" - წერს გამოცემა.
ექსპრეზიდენტის გარშემო განვითარებულ პროცესებს ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლებიც, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველი საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა კი, მმართველი გუნდი, ექსპრეზიდენტს დაუმსახურებლად სასტიკად ექცევა.
"ვიცით, რომ შეცდომები ჰქონდა, თუ განვითარებული ქვეყნების ისტორიას წავიკითხავთ, ყველა ლიდერს ჰქონდა გადაცდომები, ამერიკასაც კი, მაგრამ ამის გამო, არ მახსენდება რომელიმე პრეზიდენტს ასე მოქცეულიყვნენ, სხვა თუ არაფერი, ამ კაცმა საქართველოში სახელმწიფო შექმნა. რეფორმები გაატარა. ქართველი საზოგადოება უფრო სოლიდური მეგონა, ვუყურებ ამ ყველაფერს და ასე მგონია, რომ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ ვიღაცები" - წერს იგორ ბელზიცევი.
"მგონი, ვიღაცებს ამერიკა სძულთ და იმიტომაც ექცევიან ასე საქართველოს ექსპრეზიდენტს. ძალიან მინდა იმ დღეს მოვესწრო, როდესაც პუტინს, მის მიერ აშენებულ და მოწყობილ ყველაზე თანამედროვე ციხეში ჩასვამენ, მაგრამ ვერ მოვესწრები, მერე რა რომ 22 წლის ვარ, რომ დავიბადე უკვე პრეზიდენტი იყო და ჩემი შვილების პრეზიდენტიც ის იქნება... აქ ბევრი წერს, ის, რაც ახლა საქართველოს ექსპრეზიდენტის თავს ხდება, ბევრისთვის მაგალითი უნდა იყოსო, რადგან ამ ქვეყნად მარადიული არაფერია, მაგრამ ეს რუსეთს არ ეხება. პუტინის რეჟიმი მარადიულია" - მიაჩნია ალექსეი მალინინს.
"ვინმეს წარმოუდგენია ციხის ადმინისტრაციამ გვანახოს რა ხდება ნავალნის თავს, მე არა. ამაშია განსხვავება ჩვენსა და საქართველოს შორის. ჰოდა, წინ საქართველო, ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით ხელისუფლება ამეტებს, მაგრამ ქართველი საზოგადოების აქტიურობა რომ არა, უარესს იზამდა. ასეთმა დამოკიდებულებამ ბევრი ანტიმიშისტიც მის მიმართ სოლიდარული გახადა, რაც ძალზე პატივსაცემია", - წერს ოლია უსიენკო.