ავტორი:

"სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ, რომ ბავშვებს გავეშვათ" - რატომ იხდის ბოდიშს გიგი უგულავა?

"სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ, რომ ბავშვებს გავეშვათ" - რატომ იხდის ბოდიშს გიგი უგულავა?

თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ციხის თანამშრომლის შვილთან დაკავშირებული მიმართვის გამო გიგი უგულავამ ბოდიში მოიხადა.

"ჩემმა დღევანდელ მიტინგზე ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია - მათ შორის, ჩემთვის საპატივცემულო ხალხის.

კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ - რომ ბავშვებს გავეშვათ.

პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ ღვარძლისა და სიძულვილისგან, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს და თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს თავისებურებების გამო, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება", - დაწერა "ფეისბუკის" პირად გვერდზე უგულავამ.

უგულავას მიერ მიტინგზე გაკეთებულ განცხადებას ბავშვთა უფლებადამცველთა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელმა დირექტორმა ანა არგანაშვილმა აღნიშნული განცხადების კონტექსტში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბავშვების ქცევა ძალადობის სამიზნედ კანონდარღვევაა.

"დაბეჯითებით გთხოვთ ყველას, არ ჩართოთ ბავშვები ამ არეულობაში, არავის შვილი არ არის შუაში და არც კავშირში ამ ყველაფერთან. გიგი უგულავამ მიტინგზე გამოაცხადა, ციხის თანამშრომლის შვილის კლასელებმა უნდა იცოდნენ ამ კაცზეო. შემდეგ ჟურნალისტები წერენ ამ ბავშვს სახლში. დაბეჯითებით გთხოვთ ყველას, არ ჩართოთ ბავშვები ამ არეულობაში, არავის შვილი არ არის შუაში და არც კავშირში ამ ყველაფერთან.

ბავშვების ჩართვა არეულობაში, ბავშვების ქცევა ძალადობის სამიზნედ, ბავშვების იძულებით იდენტიფიცირება არის კანონის დარღვევა და არაფერი გამაჩერებს, რომ ვიმოქმედო მათ დასაცავად - დაწერა ანა არგანაშვილმა "ფეისბუქში".

გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც. ომბუდსმენის შეფასებით, უგულავას განცხადება საფრთხის შემცველია ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის და არღვევს მის საუკეთესო ინტერესს - დაცული იყოს ნებისმიერი ფორმით ძალადობისგან.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ ამგვარი ქმედება არა მხოლოდ არღვევს კონკრეტული ბავშვის უფლებას, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ზოგადად ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვას ქვეყანაში.