სომხეთის რუსულენოვან გაზეთში "გოლოს არმენიი“ (Голос Армении) დაბეჭდილია ინტერვიუ ექსპერტ ჯონი მელიქიანთან, სათაურით: "თბილისის პოზიცია "3+3“ ფორმატისადმი ერევნისთვის მაშველ რგოლს წარმოადგენს...“ (ესაუბრება კორესპონდენტი ზარა გევორქიანი).
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- ამასწინათ რეჯეფ ერდოღანმა საქართველო გააკრიტიკა - მხოლოდ ქართველები არიან უარყოფითად განწყობილნი "კავკასიის ექვსეულის პლატფორმის“ ("3+3“) შექმნის მიმართ და ამით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცებას ამუხრუჭებენო. რატომაა უკმაყოფილო თურქეთის ლიდერი საქართველოს პოზიციით?
- ქართულმა მხარემ, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე უკვე რამდენჯერმე განაცხადა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე "3+3“ პლატფორმის მიმართ. ასე რომ, რეჯეფ ერდოღანისთვის ეს ახალი ამბავი არ არის. კერძოდ, თბილისი აქცენტს აკეთებს რუსეთის ყოფნაზე ამ ფორმატში. გარდა ამისა, "კავკასიის ექვსეულში“ დასავლეთი არ მონაწილეობს. მართალია, ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ საქართველოსთვის ესეც მნიშვნელოვან ნეგატიურ ფაქტორს წარმოადგენს. რაც შეეხება სომხეთს, ერევანი ამ საკითხში "ხიდებს ბოლომდე არ წვავს“, ამიტომ რეჯეფ ერდოღანის კრიტიკა ძირითადად მაინც თბილისისკენ არის მიმართული, რომელმაც ხისტი პოზიცია დაიკავა.
ყურდღება მივაქციოთ: რეჯეფ ერდოღანმა ზემოთ ხსენებული განცხადება გააკეთა იმ დროს, როცა თბილისში აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი იმყოფებოდა. ვიზიტის დროს ბევრი კრიტიკა გაისმა რუსეთის წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ ამ იდეის ავტორობა ამერიკელებმა კრემლს მიაკუთვნეს, თანაც ლოიდ ოსტინმა განაცხადა, - კრემლმა უმჯობესია 2008 წლის შეთანხმების პუნქტები შეასრულოსო, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებს ეხება. ერთი სიტყვით, საქართველოსა და აშშ-ის მოქმედებით ისე გამოვიდა, რომ არ აწყენინეს არც თურქეთს, არც აზერბაიჯანს და ისრები ძირითადად რუსეთისაკენ იქნა მიმართული, ამგვარი გზავნილით: "ეს მოსკოვის ინიციატივაა და მასში საქართველოს არაფერი ესაქმება“.
აქ საინტერესოა კიდევ ერთი ნიუანსი: ქართველებმა მიანიშნეს, რომ ისინი მოქმედი ფორმატების წინააღმდეგ არ გამოდიან, მაგალითად, მინსკის ფორმატის მიმართ თბილისს სათქმელი არაფერი აქვს და ამაზე პრეტენზიას არ აცხადებენ. თურქული "3+3“-საგან განსხვავებით (რომელშიც მხოლოდ რეგიონული მოთამაშეები არიან), საქართველოში მიიჩნევენ, რომ "კავკასიური ექვსეული“ უნდა გაფართოვდეს იმ ქვეყნებით, რომლებიც რეგიონის განვითარებით არიან დაინტერესებულნი. სხვათა შორის, რომ არა ქართველების უარი, სომხებსაც გაუჭირდებოდათ თავიანთი ინტერესების დაცვა. შესაბამისად, არ გვექნებოდა ის დიპლომატიური კოზირები, რომლებიც ახლა გვაქვს.
- ჩვენი კოზირი ამ შემთხვევაში საქართველოს პოზიციაა?
- დიახ, ზუსტად ასეა. ერთი მხრივ, ჩვენ ამ ფორმატზე თითქოს უარს არ ვამბობთ, მეორე მხრივ კი, სხვა მონაწილეებს შევახსენებთ, რომ არსებობს ეუთოს მინსკის ფორმატი, რომელშიც მკაფიოდაა მითითებული რეგიონის განბლოკვის მომენტები. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რას გულისხმობს თურქეთი "3+3“-ის ფორმატში. მოკლედ, რომ ვთქვათ, "კავკასიის ექვსეულის“ იდეას ჩვენ, ხომხები, არც ვეთანხმებით და მასზე არც უარს ვამბობთ.
საქართველომ კი მკვეთრი ნაბიჯი გადადგა და ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ერევნის ინტერესები თბილისის ინტერესებს ემთხვევა. ჩვენთვის საქართველოს პოზიცია "3+3’-ის მიმართ ერთგვარ "მაშველ რგოლს“ წარმოადგენს.
- მაგრამ საქართველო რომ ეკონომიკურად ძალიან არის დამოკიდებული თურქეთსა და აზერბაიჯანზე? რამდენად შეიძლება ეს გარემოება იძულების ფაქტორად იქცეს?
- ასე არ ვფიქრობ. მართალია, ეკონომიკური დამოკიდებულების ფაქტორი უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს პოლიტიკურ დამოკიდებულებას. საქართველოს ყოველთვის აქვს თავისი შესაძლებლობების "ლუფტი“, თბილისის პოზიციას ვაშინგტონი აძლიერებს, რასაც ლოიდ ოსტინის განცხადებებიც მოწმობს - ძალზე მიზანმიმრთული და წერტილოვანი "ექვსეულის“ ფორმატთან დაკავშირებით. ამით კიდევ ერთხელ გამოვლინდა აშშ-ის პოზიცია თბილისის მიმართ - ვაშინგტონი საქართველოს იმ ქვეყნად განიხილავს, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მოსკოვის აგრესიული მოქმედების შეკავებაში მონაწილეობს.
- როგორ კომენტარს გაუკეთებდით მიხეილ სააკაშვილის ამასწინანდელ მოწოდებას, რომლის მიხედვით, მისი მომხრეები ქვეყნის ხელისუფლებას "სომხური სცენარით“ უნდა ებრძოლონ...
- ეს კლასიკური ხერხია. მიხეილ სააკაშვილმა უკვე მოასწრო და უარყოფითად შეაფასა სომხეთის როგორც ყოფილი, ასევე დღევანდელი ხელისუფლება... ახლა კი, როცა მას ჭირდება, იგი სომხეთის ხელისუფლებაზე პოზიტიურად ლაპარაკობს...
ქართულ ოპოზიციას ცნობიერებაში უკვე "ჩალექილი“ აქვს, რომ დემოკრატიითა და არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არარეალურია. სხვათა შორის, მომდევნო არჩევნები საქართველოში 2024 წელს უნდა გაიმართოს, მიხეილ სააკაშვილმა კი თავისი შიმშილობით ჯერჯერობით ვერაფერს მიაღწია. თუ ოპოზიციის აქციები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, მაშინ ექსპრეზიდენტი საპყრობილეში მინიმუმ 3 წელს მაინც გაატარებს, ანუ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის, ამიტომ ცდილობს რევოლუციის მოხდენას. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ მას ამის შანსები აქვს...
მოამზადა სიმონ კილაძემ