სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის თითქმის ყოველდღე ტირის. ჯერ კიდევ იანვარში, ბელამ გახსნილად ისაუბრა მწვავე დეპრესიაზე და შფოთვაზე, რომლებიც მას გარდატეხის ასაკიდან ჰქონდა.
სოციალური ქსელებისგან მცირე პაუზაც აიღო, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მოეგვარებინა.
ახლა კი ბელამ "ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია ატვირთა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ტირის ის. ამით ბელამ ფანებს შეახსენა, რომ სოციალური მედია არ გვიჩვენებს რეალობას და ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ბელა ამბობს, რომ ტრავმის გააზრებაში დროის მარტო გატარება საუკეთესო საშუალებაა.
"ყოველთვის შეგვიძლია ჩვენს ტკივილზე და მისი მოშუშების გზებზე მეტის გაგება", - ამბობს მოდელი.
25 წლის ვარსკვლავი წერილის ბოლოს ხალხს მადლობას უხდის გულახდილი საუბრის მოსმენისთვის და ახსენებს მათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამგვარ პრობლემებზე ღიად საუბარი.
მოამზადა ანა სიბოშვილმა