ავტორი:

"ცხოვრებამაც მაწვალა... ეს არც ჩემი ბრალია და არც სხვისი. მე და ჩემს ბედს ჭიდილი გვიწევს" - ერთი ადამიანის მრავალსახეობა და მისი "გაფანტული ფურცლები"

"ცხოვრებამაც მაწვალა... ეს არც ჩემი ბრალია და არც სხვისი. მე და ჩემს ბედს ჭიდილი გვიწევს" - ერთი ადამიანის მრავალსახეობა და მისი "გაფანტული ფურცლები"
  • კოლაჟზე: დუდა მამამთავრიშვილის ფოტოები

"ლექსად ნათქვამი სიცოცხლე/ სიკვდილად გადავაქციე,/ წყლის ორი წვეთი მებარა,/ არც ვიცი, სად დავაქციე..." ამ სტრიქონების ავტორი 33 წლის გახლავთ - არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა და, თითქოს, სევდა, იმედგაცრუება და უიმედობაც კი მომეტებულად დაჰყვება მის პოეზიას. მიზეზი რა არის? ამას და კიდევ ბევრ საინტერესოს საკუთარ თავზე, ალბათ, თავად უკეთ გვიამბობს მრავალმხრივ ნიჭიერი და გარეგნობითაც გამორჩეული მარიამ სიმონიშვილი:

- რაც გეზარებოდეს, ის გეძალებოდესო - ზუსტად ჩემზეა. 7 წლამდე თიანეთის სოფელ საყდრიონში ვცხოვრობდი, და ის წლები ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის. მართალია, იქ მეზობელი ბავშვიც კი არ მყავდა, ვისთანაც ვითამაშებდი, მაგრამ მყავდნენ ნატა და ნათია დოლიძეები, დიდ დროს ვატარებდი მათთან. ვერ გეტყვით, ეს ადამიანები დღის განმავლობაში რამდენჯერ მიყვებოდნენ ზღაპრებს და მასწავლიდნენ ლექსებს. მართალია, ვიტანჯებოდი იმ ლექსების სწავლით, მაგრამ მაინც მივდიოდი მათთან, რადგან ნატა, ნათია და მათი დედა - ევა ბებო ძალიან მიყვარდა. საბოლოოდ კი, ხომ ხედავთ, თავად დავიწყე ლექსების წერა (იცინის).

ფოტოგრაფი: დუდა მამამთავრიშვილი

შემდეგ იქვე, ახლოს, სოფელ ღულელებში გადავედით საცხოვრებლად. ვერ ვიტყვი, რთული ბავშვობა მქონდა-მეთქი, მაგრამ სოფელში ვიზრდებოდი, სოფელს კი თავისი სიმკაცრე აქვს, დედაც მკაცრი მყავდა, მე კი, როგორც ყველა ბავშვს, საკუთარი სამყარო მქონდა, რომელმაც სკოლის პერიოდში თეთრი ლექსებიც კი დამაწერინა. პირველი ორსტროფიანი ლექსი, დაახლოებით, 14 წლის ასაკში დავწერე და დედას წავუკითხე. დედა მასწავლებელია და მკაცრად შემიფასა ლექსი. მეც ავდექი, დავხიე და გადავაგდე, მაგრამ... წერა არ შემიწყვეტია - ჩუმად ვწერდი და დედას აღარ ვაჩვენებდი. სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, ტექნიკური საგნებისადმი მქონდა მიდრეკილება, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ვიყავი ქართულ ლიტერატურაშიც და, როგორც ჩემი მასწავლებელი ამბობდა, კარგ თავისუფალ თემებს ვწერდი, ოღონდ პრობლემად ისევ ლექსები მქონდა - ვერ ვიზეპირებდი. საკუთარი ერთი ლექსიც კი არ ვიცი თავიდან ბოლომდე ზეპირად. სკოლის დამთავრების შემდეგ, აბიტურიენტობისას, დიდად აღარ მქონია წერის სტიმული და მოწოდება. ერთხელაც, სტუდენტობისას, ეკონომიკის გამოცდზე დავწერე ლექსი "მთვარეს ფორმა აქვს ღილის,/ ბრუნავს და არა ყვირის./ გზას მივუყვები, დილის,/ მგზავრი ვარ ცის და მიწის". შემნიშნა ლექტორმა, ფურცელზე რაღაცას, ისეთს რომ ვწერდი, რაც ეკონომიკისგან ძალიან შორს იყო, მაშინვე წამართვა ფურცელი და გამოცდიდან გამომაგდო. სხვათა შორის, მალევე დამაბრუნა გამოცდაზე, - ლექსი კი დაგიწერია, მაგრამ ახლა კეთილი ინებე და "სამომხმარებლო კალათა" დაწერეო. ის ფურცელიც უკან დამიბრუნა.

ეკონომიკის ფაკულტეტი კი წითელ დიპლომზე დავამთავრე. მერე, ნელ-ნელა დამიგროვდა ლექსები... ისე კი, ძალიან უდიერად ვეპყრობოდი ჩემს ლექსებს. მაშინ არც ინტერნეტი იყო ასე ხელმისაწვდომი და არც სოციალური ქსელები - ასეთი პოპულარული, ვერც ხალხისთვის ლექსების წარდგენაზე ვიფიქრებდი, ვინმეს რომ შეეფასებინა და სტიმული მოეცა, გამოქვეყნებაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი. თვითშეფასების უნარშიც მოვიკოჭლებდი, საკუთარ თავს ვეჭიდავებოდი.

ვერ გეტყვით, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ჩემს სხეულში - ერთი, რომელიც ხატავს და სხვადასხვა ნივთს ქმნის, აპირებს გამოფენის მოწყობას, მაგრამ ჯერ ინტერნეტშიც არაფერი დაუდევს; მეორე, რომელიც ლექსებს წერს; მესამე, რომელიც ქსოვს, ქარგავს, კერავს და მაკიაჟის ხელოვნებაც იტაცებს; მეოთხე, რომელსაც ძალიან უყვარს კულინარია და, როგორც ამბობენ, კარგი კერძები გამოსდის...

- ერთ ადამიანში ყველაფერი ერთად? და ეს არ გაწუხებს?

- საკმაოდ მაწუხებს და ყველაზე უკეთ სათქმელს ჩემს ლექსებში გადმოვცემ. მყავს შვილი - 10 წლის გიორგი და მას ჩემი ყურადღება სჭირდება, ვურთიერთობ დედასთან, მეუღლესთან, მეგობრებთან... მაგრამ მაინც მარტოობა უფრო მიყვარს. ერთი სული მაქვს ხოლმე, ჩემს ნახატებს შევავლო თვალი. როდესაც რაღაცას ვქმნი, გარე სამყაროზე ვერ ვფიქრობ, იმ წუთებსა თუ საათებში ჩემი სივრცის იქით რა ხდება, სრულიად აღარ მაინტერესებს - ყველა დარაბა დახურულია. შეიძლება ითქვას, ამა თუ იმ მომენტში სწორედ ჩემი ლექსები გამოხატავს ჩემს სულიერ მდგომარეობას.

- "ბედისა მძებნელ, მქროლვარი,/ გადარჩენასა ვდუდუნებ,/ საძირკვლის გველებს დავცქერი,/ ყურადღებას არ ვუდუნებ./ ვიომებ, არ შევშინდები,/ ქალი ომშიაც კაცია,/ პირქუშთა ხროვა თარეშობს,/ მოყვარემ ზურგი მაქცია..." - ვის ეომები, ვის ებრძვი, ვინ არის "ის" მოყვარე, ზურგი რომ გაქცია?

- ცხოვრებაში გხვდებიან ადამიანები - მეგობრები, კოლეგები... და ყველა არ არის შენდამი იმ განწყობით, როგორც შენ ხარ მათდამი. ყოველთვის კეთილი ვერ იქნები, ბუნებრივია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ იქ, სადაც ვარ, მისაღები ვიყო და იქაური ქუდი დავიხურო. ხან საერთოდ არ ვამბობ, რომ ლექსებს ვწერ, ხან საერთოდ არ ვამბობ, რომ ცეკვა ვიცი, ხან საერთოდ არ ვამბობ, რომ კერძების გაკეთება ვიცი... სიტუაციას გააჩნია. აქედან გამომდინარე, ცხოვრებაში მხვდება წინააღმდეგობები... ცხოვრებამაც მაწვალა, ზოგადად. ეს არც ჩემი ბრალი არის, არც ჩემი ოჯახის წევრების და არც ჩემი მეორე ნახევრის ან ვინმე კონკრეტული ადამიანის. ვფიქრობ, რომ, რაღაცნაირად, დაწერილი ბედის მიხედვით, მე და ჩემს ბედს ჭიდილი გვიწევს. ასე რომ, მოყვარე, რომელმაც ზურგი მაქცია, შეიძლება ჩემივე ბედიც იყოს. სხვათა შორის, ეს არ მძაბავს, პირიქით - სტიმულსაც კი მაძლევს, ენერგია მომდის და რასაც გავცემ, რასაც ვხარჯავ, იმავეს ვიღებ. თუნდაც - ტაძრიდან ვიღებ. მოძღვარი არ მყავს, მაგრამ ტაძარი ჩემი მეორე სახლია, სადაც მივდივარ და, ზოგადად, ყველაზე გულწრფელიც იქ ვარ. ყოველ ღამეს სანთლის ანთება და ლოცვა - ეს არის ჩემი სულიერი სიმშვიდე. ვფიქრობ, რომ კარგი ენერგეტიკული ველი მაქვს, არ ვცდილობ, ადამიანები დავსტრესო, არ ვცდილობ, მათზე ცუდი ვთქვა, მათ ცხოვრებაში ჩავერიო. შესაბამისად, მართლა არსებობს კოსმოსური უხილავი ძაფები, რომელიც, თითქოს, ჩემსა და კოსმოსს შორის არის გაბმული და ეს სიამოვნებას მანიჭებს.

ბევრი ლექსი შემიქმნია და მათ შორის არის ბუს და ფანდურას "ისტორია" - ეს იყო პირველი ლექსი, რომელიც სოციალურ ქსელში დავდე. ჩემმა ახლობელმა ზურა ბარბაქაძემ, იგივე ფანდურამ რომ წაიკითხა, დამირეკა, მარიამ, შენს ლექსზე მელოდია დავწერე და შეიძლება, მოგასმენინოო? დავთანხმდი. მაშინ ბუს არ ვიცნობდი. იგი თავისი კონცერტისთვის ემზადებოდა, ხოლო ეს მელოდია ბუს და ფანდურას ბუს ტექსტზე დუეტში უნდა შეესრულებიათ. ბუს ჩემი ლექსი წაუკითხავს, ძალიან მოსწონებია და ფანდურასთვის უთქვამს, სიმღერა მარიამის ლექსზე ვიმღეროთო.

პრემიერა სპორტის სასახლეში შედგა და მართლაც ძალიან კარგი გამოვიდა.

- "ჭორების სურნელში ჩამხრჩვალა ქალაქი,/ ქუჩებში მაისის სტუმრობაც - ფაქტია./ დღევანდელ პაემანს ვაუქმებ, ასე ვთქვათ,/ ქალური წესებით, ჯერ ისევ მარტია..." ლექსი, რომელსაც თავად კითხულობ და ფონად სიმღერა გასდევს...

- ...ამ ფორმითაც ვაკეთებ ლექსების ჩანაწერებს და ფონად მეტწილად კლასიკური მუსიკა გასდევს. ზოგადად, არ მიყვარს ჩემი ლექსების ხმამაღლა კითხვა, არ მომწონს, რადგან იმდენი ემოცია მაქვს ლექსში ჩადებული და დახარჯული, რომ მიმაჩნია, ის აღარ არის ჩემი, ავტორი კი მე ვარ, მაგრამ ლექსი უკვე მკითხველს ეკუთვნის, იქ უკვე მისი ემოცია უნდა გადმოიცეს...

- ვიცი, ერთხანს უცხოეთშიც იყავი წასული. იქ სწავლობდი თუ მუშაობდი?

- პირველად იტალიაში წავედი სამუშაოდ. მაშინ ჩემი გიო 5 წლის იყო. მერე, ერთ წელიწადში დავბრუნდი და კვლავ წავედი. ბავშვის მონატრებამ 11 თვეში დამაბრუნა უკან, ვგრძნობდი, რომ გიოს გვერდით უნდა ვყოფილიყავი. მე და-ძმა არ მყავდა, დედისერთა ვარ და რაც გიო წამოიზარდა, სიმაღლეშიც კი დამეწია, ერთნაირი, ცისფერი თვალები გვაქვს და თმებიც - ერთი ფერის, თითქოს თანატოლები ვართ - გიო ძმასავით მყავს. ერთხელ მთხოვა, დე, დედაზე ლექსს დამიწერეო? - და დავუწერე "გიოს ლექსი" - "...დედაა ჩემი გულის საუნჯე/ დედაა ჩემი სამშობლოს სული, რამდენჯერ მოხდა, მე რომ მტკიოდა,/ დედასაც მაშინ ასტკივდა გული!" - გული ამიჩუყდა, ჩანს, მართლა გამორჩეული სიყვარულის ბიჭია გიო...

გიოსთან ერთად

- ახლახან ლექსების პირველი კრებული გამოეცი - "გაფანტული ფურცლები". ეს ის ფურცლებია, რომელზეც წლების განმავლობაში აგროვებდი შენს ემოციებს, თუნდაც მას შემდეგ, რაც დედამ დაგიწუნა ლექსი და დახიე?

- წლები გადიოდა და მე ჩუმად მაინც ვწერდი, უდიერად, ფურცელ-ფურცელ. ერთ დღესაც შევიძინე რვეული და მტკიცედ გადავწყვიტე, ამ რვეულში ჩავწერ ლექსებს და არასდროს არავის ვაჩვენებ-მეთქი. მერე, ნელ-ნელა რამდენიმე ავტვირთე სოციალურ ქსელში და დედასაც, რომელიც მეგობრებში მყავდა, წაუკითხავს. მას შემდეგ სულ მეკითხებოდა, ასეთ ლექსებს რომ წერ, შეყვარებული ხარო? ვერ ხვდებოდა, რომ მის შვილს ვინმეს სიყვარული კი არ აწერინებდა ლექსებს, არამედ, უბრალოდ - ლექსებს წერდა. დედას სულ კომპლექსი ჰქონდა, რომ ან შეყვარებული ვიყავი, ან სიკვდილი მინდოდა, თუკი ლექსში სიკვდილი ერია და ა.შ. ერთხელაც დავსვი და ავუხსენი, - დედა, აუცილებელი არ არის, ვინმეს ჩახუტება მინდოდეს და ლექსი ამიტომ დავწერო, ლექსს მაშინ ვწერ, როდესაც შესაბამისი მუზა და რითმა მომდის, მომეცი საშუალება, პირად სოციალურ ქსელში უპრობლემოდ ავტვირთო ჩემი ლექსი-მეთქი. მას აფიქრებდა, ხალხი რას იტყოდა... ხალხი კი - სხვადასხვანაირად ფიქრობდა და მიკომენტარებდა.

4 წელი დამჭირდა და ამ შეხედულებებს მაინც გადავაბიჯე. ამასობაში ჩემი მკითხველიც შევაგროვე, რომელიც ლექსს კითხულობს და არა იმას, მარის რა სჭირს? მესამედაც მომიხდა საზღვარგარეთ წასვლა, გერმანიაში. იქ ბევრს ვხატავდი და შევაგროვე კიდეც თანხა ჩემი ნატვრის ასასრულებლად - გამოვეცი ლექსების წიგნი, რომლისთვისაც ჯერ კიდევ 6 წლის წინ მქონდა სახელწოდება შერჩეული - "გაფანტული ფურცლები". დიახ, სწორედ წლების განმავლობაში გაფანტულ-დაკარგული ლექსების გამოძახილი არის ეს კრებული. 2 წლის წინ, წიგნამდე, ვიწრო წრეში მქონდა პოეზიის საღამო, რომლის მოწყობაშიც ჩემი მეგობრები - ნიკოლოზ ნორიელი და დავით სულთანიშვილი დამეხმარნენ. მასში მონაწილეობდნენ ჩემი კოლეგები და დედაჩემის მოსწავლეები. სხვათა შორის, დედა უკვე ამაყობს ჩემით, მაგრამ - ძალიან მორიდებულად, შვილს სხვასთან არასდროს აქებს. ეს მისი ხევსურულ-მთიულური ბუნების ბრალია (იცინის)...

ფოტოგრაფი: გიორგი გაბიდაური

კიდევ ერთს გეტყვით, ჩემთვის ძალიან ძვირად ფასობს დრო - იმდენად მიყვარს დროის სწორად განაწილება, რომ ყველაფერს წინასწარ ვგეგმავ და ყოველთვის მრჩება დრო შვილისთვის, დედისთვის, მეგობრებისთვის, ოცნებისთვის, წერისთვის, ხატვისთვის, ხელსაქმისთვის და ა.შ. ჩემი ლექსებით მუსიკის ავტორებიც დაინტერესდნენ. ერთ-ერთია ქუთაისიდან, კომპოზიტორი ნინო დეისაძე. თურმე, მომღერალ გიორგი ჩიტაურს თქვენც კარგად იცნობთ და მინდა, ჩემს ლექსზე დაწერილი მისი სიმღერაც ვახსენო - "რაც შენ წახვედი ჩემგან", რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთვიდან ძალიან მალე გახდა პოპულარული და უკვე 900 000-მდე ნახვა აქვს. ტექსტი ჩემია, მუსიკა და შესრულება - გიორგის. ასე რომ, ვფიქრობ, წინ ბევრი საინტერესო ამბავი მელოდება, უახლოესი კი, ალბათ, ჩემს ლექსზე ნინო დეისაძის მიერ დაწერილი სიმღერის პრემიერა იქნება საახალწლოდ. სიმღერას "მაისის ვარდებს" ერთ-ერთი ტელეშოუს გამარჯვებული ნათან თორია შეასრულებს.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

ჟურნალი "გზა"