სასამართლოზე დასწრება და თანმხლები ემოციები შესაძლოა, სააკაშვილის მდგომარეობის გართულების წინაპირობა გახდეს, სწორედ მისი ცუდად გახდომა, მდგომარეობის დაძაბვა შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც დესტაბილიზაციის შემდგომი რესურსი, როცა ამის ანალიზს აკეთებ, სჯობს დისტანციურად ჩატარდეს სასამართლო სხდომა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც სააკაშვილის სასამართლო პროცესს და მისი ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სააკაშვილს თუ რაიმეს თქმა სურდა, ამის გაკეთება დისტანციური ჩართვითაც შეეძლო.
ამასთან ვოლსკი აღნიშნავს, რომ მას ხალხთან კომუნიკაცია და მიმართვები ისედაც არ აკლია.
"არსებობს ორი პოზიცია, რომელიც ბოლო დროს მოვისმინეთ. როგორც პენიტენციური უწყება და იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, ორი მთავარი პრინციპია დასაცავი - უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რომელიც როგორც სააკაშვილის ადვოკატები გვარწმუნებენ, საკმაოდ შერყეულია და შიდა ორგანოების ტკივილი აწუხებს. მისი გადაადგილება, სასამართლოზე დასწრება და თანმხლები ემოციები შესაძლოა გართულების წინაპირობა გახდეს, მაგრამ არის მეორე მხარე, რომ სწორედ მისი ცუდად გახდომა, მდგომარეობის დაძაბვა, დამძიმება შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც დესტაბილიზაციის შემდგომი რესურსი და როცა ამის ანალიზს აკეთებ, სჯობს დისტანციურად ჩატარდეს სასამართლო სხდომა.
ორი ვარიანტია, ამბობენ, რომ ადამიანი ცუდად არის და მერე ამბობენ, რომ ძალა უნდა მოიკრიბოს და გამოცხადდეს სასამართლოში, გამორიცხული არ არის, რომ ოპონენტების, ან მის ნაწილის ინტერესში სწორედ მისი ცუდად ყოფნა შედიოდეს. როცა ასეთი გეგმა არსებობს, დისტანციური ჩართვა იყო კარგი გამოსავალი, რომელიც სისტემამ მას შესთავაზა. რატომ თქვა უარი, გაუგებარია. შეეძლო დისტანციურადაც გაეკეთებინა განცხადება და საერთოდ მიმართვები და ხალხთან კომუნიკაცია მას არ აკლია. გონივრული ეჭვი, რომ მისმა გადაადგილებამ, ცუდად გახდომამ, დაპირისპირებები უნდა განაპირობოს და სამართალდამცავებთან შეჯახება რეალურ კონტურებს იძენს, აქედან გამომდინარეობს ის პოზიცია, რაც იუსტიციის სამინისტროს გააჩნია, უფრო დასაბუთებულია, ვიდრე სააკაშვის ადვოკატების განცხადება", - განაცხადა ვოლსკიმ.