ავტორი:

"მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან, რომ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე... სასამართლომ სახელმწიფოს მისცა ბოლო შანსი" - ნიკა გვარამია

"მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან, რომ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე... სასამართლომ სახელმწიფოს მისცა ბოლო შანსი" - ნიკა გვარამია

"მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან, რომ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე - ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა," - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გვარამიას თქმით, სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამჟამინდელი მდგომარეობა და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც მასთან დაკავშირებით გლდანის #18 დაწესებულებაში გატარდა.

ადვოკატის განცხადებით, სასტრასბურგის სასამართლომ ასევე მათ დაავალა ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია მიაწოდონ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციები შეჯერდება და 24 ნოემბერს სასამართლო კვლავ იმსჯელებს საკითხზე.

როგორც გვარამიამ ბრიფინგზე აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"დღეს დილით მიხეილ სააკაშვილის დაცვის საერთაშორისო გუნდმა გააგზავნა მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელსაც უნდა განეხილა ეს საკითხი 24 საათში. მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით სახელმწიფოს დავალდებულება - 24- საათიანი ვადა მორჩა 4 საათში, ჩვენ ერთი საათის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან, სადაც ვკითხულობთ, რომ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მხარეებს მოგვეცა გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად. ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

სასამართლო მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა, მოწოდებით ის აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს. საქართველოს ხელისუფლების მითოლოგიური განცხადებები და კლოუნადა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შიმშილობს, ამოწურულია. სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს ამჟამინდელი მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით გლდანის #18 დაწესებულებაში. ამასთან, სტრასტბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა ციხეში და ზოგადადაც. ასევე შეახსენა, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა, რომ მისი ადეკვატური რეაბილიტაცია, მკურნალობა და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი. ასევე დაგვევალა ჩვენ, რომ ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და 24 ნოემბერს კიდევ ერთხელ ეს ინფორმაციები შეჯერდეს და კვლავ იმსჯელებს სასამართლო იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. სასამართლო ასევე ახსენებს სახელმწიფოს, რომ მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას შეფასებით, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს ბოლო შანსი მისცა.

"სააკაშვილის სარჩელი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას, სარჩელის ერთ-ერთი ნაწილი, ჩვენი მოსაზრება იყო, რომ კერძო კლინიკაში შეიძლება ამის უზრუნველყოფა მხოლოდ და გლდანის ციხეში ეს არ არის უზრუნველყოფილი. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა ის, რასაც მაღალი ალბათობით გადაწყვეტდა - მან არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ბატონმა რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს, რომ სასამართლო ინდივიდუალს ვერ დაავალებს რამის გაკეთებას და ხელშემკვრელი მხარე არის სახელმწიფო - თუ არ იცის სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრია, თუმცა საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტისთვის მაინც უნდა ეკითხა. ბატონმა რატი ბრეგაძემ ამ გადაწყვეტილებაში თუ ინგლისური არ იცის ვუთარგმნი, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა, რომელზეც რატი ბრეგაძემ ამტკიცებს, რომ არ არსებობს.

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს მისცა ბოლო შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით მიიღოს, გადადგას სწორი და ადეკვატური ნაბიჯი.

ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ პატიმრის ჯანდაცვის უფლება და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული ყველაზე მაღალი სტანდარტით, ჩვენ ვუთხარით სასამართლოს როგორ ვხედავთ ჩვენ ამას, ჩვენ ამას ვხედავთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით. სასამართლომ ჩათვალა ამგვარად გამოეხატა თავისი პოზიცია, რომ დაგვთანხმდა, რომ უმაღლესი ხარისხით უნდა იყოს გაწეული სამედიცინო მომსახურება და უსაფრთხოება უმაღლესი ხარისხით უნდა იყოს დაცული. გადაწყვიტოს იუსტიციის სამინისტრომ თავს იკლავს სამართლებრივად და პოლიტიკურად თუ არა, მიხეილ სააკაშვილი გადარჩება პირობას გაძლევთ, თავს არ მოიკლავს“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი.

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებასთან დაკავშირებით ამას მის გარეშე ვერ გეტყვით. ამ პოზიციას მოგახსენებთ ხვალ - რას იზავს ის. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი ამ ქვეყნისთვის სასარგებლოდ გადაწყდება“, - განაცხადა გვარამიამ.