ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა - აღენიშნება დაზიანებები... დაათვალიერა ექსპერტმა და მოხდა ფოტოგრაფირება" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა -  აღენიშნება დაზიანებები... დაათვალიერა ექსპერტმა და მოხდა  ფოტოგრაფირება" - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გლდანის 18-ე პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ჩატარდა გამოკითხვა და დაილუქა მიხეილ სააკაშვილის ტანსაცმელი, რომელიც მას გლდანის 18-ე დაწესებულებაში გადმოყვანის დროს ეცვა და რომელიც მას შემოახიეს.

"ჩატარდა გამოკითხვა ნებაყოფლობით. მიხეილ სააკაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს. ასევე ამოღებული იქნა შარვალი და პულოვერი, რომელიც შემოახიეს, ამის ფოტოგრაფირებაც მოხდა, ეს ნივთები დაილუქა და გადაგზავნილ იქნა ექსპერტიზაზე. ფიზიკურ დაზიანებებზე უნდა აღვნიშნო, რომ დაზიანებები ნამდვილად აღენიშნება, დაფიქსირებულია. ექსპერტის მიერ მოხდა დათვალიერება. ცხადია, ფოტოგრაფირება მოხდა. ვიდეოკადრებზე წვდომა ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს. მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს სუსტად, უფრო სუსტად ვიდრე დილით, გადაადგილება ჯერ კიდევ შეუძლია, მაგრამ ბუნებრივია სუსტდება",- განაცხადა მან.

ადვოკატმა ისაუბრა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვწტილებაზეც.

"სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე მე მაქვს ფრაგმენტული ცოდნა, რადგან ვიყავი საპროცესო ღონისძიებაზე. შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სტრასბურგის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ სასამართლომ დაინახა უფლების პოტენციური დარღვევის ფაქტი, მიანიჭა პრიორიტეტი საქმეს და უახლოეს მომავალში განიხილავს მას სრულფასოვნად. მანამდე ცხადია, ყველა რისკი ყველა საფრთხე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება არის ხელისუფლების მხრებზე", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.