ავტორი:

ისრაელი, უახლოეს მომავალში, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას დაიწყებს

ისრაელი, უახლოეს მომავალში, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას დაიწყებს

ისრაელმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას გამოცემა Times of Israel-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელში ბავშვებს უახლოეს მომავალში ექნებათ საშუალება, კომპანია "ფაიზერის“ ვაქცინით აიცრან.

სპეციალიზებული ვაქცინების პირველი ტვირთი ისრაელში მომავალ კვირაში ჩავა.

გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც სამთავრობო კოლეგიის 75 სამედიცინო ექსპერტიდან 73-მა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას დაუჭირა მხარი.

რამდენიმე დღის წინ "ფაიზერის“ ვაქცინის 5-11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამაც დაამტკიცა.

"ფაიზერის“ მიერ 2 268 ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა თითქმის 91 პროცენტით ეფექტურია კოვიდ-19-ის სიმპტომური ინფექციების პრევენციის კუთხით.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 6.2 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს მიღებული, სრულად ვაქცინირებულია 5.6 მილიონი ადამიანი, "ბუსტერ“ დოზით კი 4 მილიონზე მეტი მოქალაქეა აცრილი.