ავტორი:

"შემომიგზავნეს "გადაშანელებული" სამოსი და ავცდი იქაურ ყოფას" - რას ჰყვება ციხეში გატარებულ წლებზე მაია რჩეულიშვილი?

"შემომიგზავნეს "გადაშანელებული" სამოსი და ავცდი იქაურ ყოფას" - რას ჰყვება ციხეში გატარებულ წლებზე მაია რჩეულიშვილი?

2021 წლის, 17 სექტემბერს მაია რჩეულიშვილმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ციხეში 5 წელზე მეტი გაატარა. მაია რჩეულიშვილი 2016 წელს დააკავეს, მას თაღლითობაში ედებოდა ბრალი. მასთან ერთად დაკავებული იყო მისი და - რუსუდან კერვალიშვილი, რომელმაც ციხე ა.წ. მარტში დატოვა. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88" -ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა. ამასთანავე, მაია რჩეულიშვილს 2019 წელს ე.წ. მიონის ეპიზოდზე სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორ ცხოვრობდა ციხეში, დასთან და სხვა ქალ პატიმრებთან ერთად, ჟურნალ "სარკესთან“ ისაუბრა. გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- რატომღაც ყველა ქართველი ქალი ძალიან კარგი დიასახლისი მეგონა. ვფიქრობდი, ციხეში განსაკუთრებით კარგი დიასახლისები იქნებოდნენ, რაც სინამდვილე არ აღმოჩნდა. მომიწია მათთან ერთად მეკეთებინა ნამცხვრები, ტორტები. ყველაფერს ვაკეთებდით ერთად, დაწყებული გოზინაყით და დამთავრებული საცივითა და ღომით. ახლა ვიღაც იტყვის, ეს იქ თუ ბაჟეს და საცივს აკეთებდა, რა უჭირდა, ჩვენ არ გვაქვს გარეთ ამის საშუალებაო. სინამდვილეში, მშრალი ბაჟესგან, რომელიც სუპერმარკეტში იყიდება და ღირს 3 ლარი და 70 თეთრი, არაჩვეულებრივი საცივი გამოდის, დაახლოებით 5-6 ულუფა.

- თქვენი ჩაცმის სტილი და სამოსის სიყვარული ცნობილია. ამ მხრივ ფორმაში ყოფნას ახერხებდით?

- კი ვახერხებდი, ოღონდ იქ ცოტა თურქული მოდაა. თავიდან რომ დავრეკე, ტანსაცმელი შემომიგზავნეთ-მეთქი, შემომიგზავნეს "გადაშანელებული" სამოსი და ავცდი იქაურ ყოფას. მივხვდი, უკან უნდა გამეტანებინა. უძვირფასესი თეთრეული შემომიგზავნეს, თეთრი სატინა იყო მაქმანებით. ყოველ ოთხ დღეში ერთხელ ვრეცხავდი და ვაუთოებდი. რუსო ისეთი ჩაცმულ-დახურული შემოვიდა ციხეში, რომ შემოანათა, როგორც მზემ, აბსოლუტურად, არაციხურად. მერე მოვერგეთ სიტუაციას.

იქ უფრო დემოკრატიულად გვეცვა და რომ გამოვედით, მგონი, იქაური მოდა აქ გადმოვიტანეთ. სპორტულ-დემოკრატიულია ის მოდა და ორივე დას ასე გვაცვია. მგონი, ასე გავაგრძელებთ. წარმოუდგენელი ის იყო, რომ იქიდან გამოსულებს აქ დემნა გვასალია დაგვხვდა თავისი საოცარი მოდით და, მოკლედ, დავემთხვიეთ.

- ბატონი ვახტანგი გარდაიცვალა ციხეში თქვენი ჩასმიდან ცოტა ხანში...

- როცა მე, ჩემი და და გუკა დაგვიჭირეს, მაშინ გამოუტანეს ვახოს სასიკვდილო განაჩენი. ვინ ეტყოდა, არ დალიო არცერთი გრამი სასმელი და თვალი ისე გაუსწორე მოვლენებსო. ვახოს დაცვის ყოფილმა უფროსმა მითხრა, მრავალი წლის წინ, როდესაც ვახო „მოქალაქეთა კავშირს“ დაუპირისპირდა, კე-გე-ბე-დან ინსტრუქტაჟივით გამოვიდა, მაიას გაუკეთეთ რამე და ამის გამო, ვახო ან გალოთდება, ან მოკვდებაო. ზუსტად ამ მესიჯმა 25-30 წლის თავზე იმუშავა.

ვახოსთან შემეძლო კვირაში მხოლოდ ორჯერ დამერეკა. სტრესმა და სასმელმა ერთად მოუსწრაფა სიცოცხლე. ეჭვი არ მეპარება, რომ საღამოობით 2-3 ჭიქას მაინც დალევდა, რომ დარდი გაექარვებინა. ვახო ბოლოს 22 მარტს ვნახე, ჩემთან მოვიდა და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. 13 აპრილს კი გარდაიცვალა, წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი.

- ციხეში თქვენც შეგექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა...

- დიახ, მქონდა ძალიან სერიოზული პრობლემა. თან გული მაწუხებდა, ფილტვში იყო რაღაც. როგორც მითხრეს, ფილტვში იყო ცხიმგროვა, მაგრამ უფრო მიკრობული პრობლემა იყო. ციხეში გაბატონებულია მიკრობები. ყელში, ფილტვზე რაღაც მქონდა, რომელიც იქ განვითარდა. თავიდან ექინოკოკი მეგონა. ციხეში დაახლოებით 8 ადამიანს ერთი და იგივე მიკრობული ფლორა გვქონდა და ამიტომაც ვფიქრობ, რომ დაწესებულების პრობლემაა. 46 კილო ვიყავი დარჩენილი, ისე გავხდი. როდესაც ციხეში ჩემი და შემოვიდა, რომელიც არაჩვეულებრივი ექიმია, დამიწყო მკურნალობა და ფეხზე დამაყენა. რუსოს იქ ყოფნა არანორმალურად მიადვილებდა ციხეში ცხოვრებას. გარედან ყველაფერი ტრაგიკულად ჩანდა, როცა მე და რუსო იქ ვიყავით. შიგნით ცოტა იოლად იყო საქმე, მაგრამ მაინც ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი.