ავტორი:

"მიგრანტების იერიში პოლონეთის საზღვარზე: მათ უკან რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი დგანან“ - რას წერს გერმანული გამოცემა?

"მიგრანტების იერიში პოლონეთის საზღვარზე: მათ უკან რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი დგანან“ - რას წერს გერმანული გამოცემა?

"ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში გერმანიის ტერიტორიაზე 6 ათასზე მეტი ლტოლვილი შევიდა ბელორუსის გავლით. ისინი ახლო აღმოსავლეთიდან არიან, რომლებიც თვითმფრინავებით მინსკამდე ორ გავლენიან ადამიანს ჩაჰყავს - რეჯეფ ერდოღანს და ვლადიმერ პუტინს“, - აღნიშნულია გაზეთ "ბილდში" (Bild) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "მიგრანტების იერიში პოლონეთის საზღვარზე: მათ უკან რეჯეფ ერდორანი და ვლადიმერ პუტინი დგანან“ (ავტორები - ნიკოლაუს ხაბუში და იულიან რეპკე).

ბელარუსის დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოs ოფიციალურად ჩაჰყავს მიგრანტები თავის ქვეყანაში, რათა შემდეგ ისინი უკანონოდ გადავიდნენ პოლონეთში და ლიეტუვაში. ალექსანდრე ლუკაშენკოს ამ საქმეში - ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ შეტევაში - მხარს უჭერენ მისი ავტოკრატი მეგობრები რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი. ორივე პრეზიდენტი თავიანთ ბელარუს კოლეგას ეხმარებიან ლოჯისტიკის სფეროში, რათა სწრაფად იქნეს გადაყვანილი მიგრანტების მაქსიმალური რაოდენობა მინსკში, იქიდან კი, ხშირად იარაღის ძალის ქვეშ, მათ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთას აიძულებენ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გერმანიის უშიშროების ორგანოების მარალჩინოსნებმა "ბილდთან" საუბარში დაადასტურეს, რომ რუსეთის ავიაკომპანია "აეროფლოტი“ (მისი აქციების 51% სახელმწიფოს ეკუთვნის) და თურქულ ავიაკომპანია "თურქიშ ეარლაინსი“ (აქციების 49% ასევე სახელმწიფოს ხელშია) გადამწყვეტ როლს ასრულებენ მიგრანტების ბელარუსში გადაყვანის საქმეში.

გერმანიის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელი ხაიკო ტეგაცი შიშობს, რომ ბელარუსის ავიაკომპანიის "ბელავიასაგან“ განსხვავებით, ევროკავშირს "აეროფლოტთან“ და "თურქიშ ეარლაინსთან“ გამკლავება ძალიან გაუჭირდება: მათ წინააღმდეგ სანქციების გამოცხადება ძნელი იქნება, რადგან ორივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის კავშირის საჰაერო სივრცეში მიმოსვლის სფეროში.

გასული კვირიდან მარტის ბოლომდე მინსკის აეროპორტში ზამთრის ავიამიმოსვლის განრიგი მოქმედებს, რომელშიც კვირაში 57 ახლო აღმოსავლური რეისი ფიგურირებს ისეთი ეგზოტიკური მიმართულებების ჩათვლით, როგორიცაა ერბილი (ერაყის ჩრდილოეთში), დამასკო (სამოქალაქო ომით მოცულ სირიაში) და რას-ელ-ჰაიმი (ყველაზე ღარიბი არაბული საემირო).

"შედარებისთვის: 2019-2020 წლების ზამთრის ავიარეისების განრიგში, კორონავირუსის პანდემიამდე, მინსკიდან ახლო აღმოსავლეთისკენ მხოლოდ 17 ავიარეისი იყო ყოველკვირეულად“, - აღნიშნავენ ავტორები.

"მგზავრების (არალეგალური მიგრანტების) მინსკში ჩაყვანას ემსახურებიან როგორც "ბელავიისა“ და "აეროფლოტის“, ასევე "თურქიშ ეარლაინსის“ თვითმფრინავები. "თურქიშ ეირლაინსი“ სტამბოლიდან მინსკში რეისებს დღეში ორჯერ ასრულებს, ხოლო "აეროფლოტი“ მოსკოვიდან - დღეში ოთხჯერ. მინსკში ყოველკვირეულად დაფრინავს სირიის ავიაკომპანია "Cham Wing“-ის თვითმფრინავებიც, რომლის საკონტროლო პაკეტი დიქტატორ ბაშარ ასადის ბიძაშვილს ეკუთვნის“, - ნათქვამია სტატიაში.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ