მასსილლონის (ოჰაიოს შტატი) სპორტულ კომპლექსში, სადაც ჭიდაობის ტურნირი იმართებოდა, ტრიბუნაზე მოქნილად ავიდა ქალი და თავისი ადგილი დაიკავა. დაძაბული ჩანდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა.
- ეს ზაიონი ვიღაა, ცალი თვალით მაინც შემახედა. ტიპს ფეხები არ აქვს და რა ჭიდაობა მოუნდა? - უთხრა კაცმა გვერდზე მჯდომს, ლუდი მოყლურწა და დიდი მუცელი მოიქავა. გვერდზე მჯდომმა მხრები აიჩეჩა, უნდოდა დათანხმებოდა, მაგრამ თავი შეიკავა და სასაუბრო თემა ტატამის ფერზე გადაუტანა.
ქალმა აშკარად გაიგო კაცების დიალოგი და ჩაეცინა. ახლა მის მზერაში სიამაყე უფრო იკვეთებოდა, ვიდრე გაურკვევლობა...
კუადალური რეგრესიის სინდრომი - საშიში გენეტიკური დაავადებაა, რომლის ხერხემლის ქვედა ნაწილი ანომალურად ვითარდება, რაც კიდურების დეფორმაციას იწვევს. მეცნიერებს არ შეუძლიათ ახსნან, რატომ ხდება ასე, თუმცა ამ დაავადებით მაინც იბადებიან ბავშვები. ერთ-ერთი ასეთი კი ზაიონ კლარკია. ბიჭუნას, რომელიც ფეხების გარეშე იზრდებოდა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, როგორ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება მომავალში.
დედას ზაიონის გაშვილება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი და ასეც მოიქცა... წლები გადიოდა და ის ბავშვთა თავშესაფარის კედლებს ვერ ტოვებდა - მასზე უარი აბსოლუტურად ყველა წყვილმა თქვა.
სანამ ზაიონზე უარს ამბობდნენ, ცინცინატელი კიმბერლი ვაჟის ყოლაზე ოცნებობდა. მას სულ გოგოები ჰყავდა და ბიჭის აღზრდაც სურდა. რამდენჯერმე ახლოს იყო ბავშვის აყვანასთან, თუმცა საქმე-საქმეზე როცა მიდგებოდა, სხვადასხვა გარემოებების გამო, არ ხერხდებოდა.
"ერთხელ ჩემი შვილის სკოლაში მივედი და საშობაო კანტანტას შევესწარი. მაშინ დავინახე ზაიონი, როგორ გადაადგილდებოდა ხელების დახმარებით. მან ვერ შემნიშნა, თუმცა მე ვიცოდი, რომ ის ჩემი შვილი გახდებოდა. ეს იქამდე ვიცოდი, ვიდრე თვითონ დამინახავდა“, - იხსენებს კიმბერლი.
კლარკების ოჯახში ზაიონს გაუმართლა. მშობლებმა პატარას ყველანაირი პირობა შეუქმნეს, რომ განვითარებულიყო და ცხოვრებაში საკუთარი გზა მოენახა. 7 წლის ასაკში ის ჭიდაობაზე შეიყვანეს. სულ რაღაც რამდენიმე ვარჯიში დასჭირდა ბიჭუნას, რომ მიხვედრილიყო - ეს სპორტი მისი ბედია.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ რთულად დაიწყო მისი და ჭიდაობის "თანაცხოვრება", გამომდინარე იქიდან, რომ კლარკმა პარასპორტულ ჭიდაობას, სპორტული ჭიდაობა არჩია და სრულფასოვანი ფიზიკური მონაცემების ბიჭებს ეპაექრებოდა, ასპარეზობის პირველ ორ სეზონში ზაიონმა აბსოლუტურად ყველა შეხვედრა წააგო.
ზაიონის პირველი მწვრთნელი გილ დნოაჰიო მიხვდა, რომ არაჩვეულებრივი მოჭიდავისთვის ვარჯიშების განსაკუთრებული მეთოდის შემუშავება იყო საჭირო.
"როგორ ვავარჯიშო ადამიანი, რომელსაც არ აქვს ფეხები? ჩვენ ვატარებდით უამრავ ექსპერიმენტს და ბოლოს აღმოვაჩინეთ ილეთები და მოძრაობები, რომლებიც შეგვეძლო სრულყოფილამდე დაგვეხვეწა. ასევე მივხვდით, რა მოძრაობები არ უნდა გაგვეკეთებინა“, - იხსენებს მწვრთნელი.
"ჩემი ხელები ჩემთვის ხელებიც არის და ფეხებიც, ასე რომ, საჭირო იყო ჩემი მოძრაობების კოორდინირება. უნდა დავყრდნობილიყავი ერთ ხელზე და შემდეგ შებოჭვა მეცადა, ან ისე ახლოს მივსულიყავი მოწინააღმდეგესთან, რომ ვერ შევეჩერებინე“, - ამბობს კლარკი.
ახალ სეზონში მეტოქეებმა განახლებული ზაიონი იხილეს, რომლის არდაფასება, გარდაუვალ წაგებას ნიშნავდა. მიუხედავად იმისა, რომ კლარკი 45 კგ-ია, ის 57 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და მისი ყოველი მოწინააღმდეგე მასზე მძიმეა, თუმცა ამ უპირატესობის ჩათვლითაც, ტატამზე ის ღირსეული ოპონენტია.
ერთხელ სკოლის ჩემპიონატის დროს, კლარკი მასზე გაცილებით მძიმე და ფიზიკურად ძლიერ მოსწავლეს შეხვდა. ჭიდაობის დროს მან შემთხვევით დარტყმა გაუშვა. დაიბნა და ცოტა შეეშინდა, ეჭვიც კი გაუჩნდა, უღირდა თუ არა საერთოდ ბრძოლის გაგრძელება. დაბნეულობის მომენტში მწვრთნელმა დაუყვირა: "ეი, ზაიონ, შენ ამის გამო არ შეტოპე ასე შორს. გააგრძელე ბრძოლა! არანაირი თავის მართლება!“
ამ სიტყვებმა იმდენად იმოქმედა, რომ ზურგზე ტატუც გაიკეთა - არანაირი თავის მართლება. და მართლაც, მთელი ცხოვრება ის მიზნისკენ ჯიუტად წინ მიიწევს, ყოველგვარი თავის შეცოდებისა და მსხვერპლად წარმოდგენის გარეშე.
ფენომენალური და ამბიციური სპორტსმენი მხოლოდ ჭიდაობით როდის შემოიფარგლა. მან მისთვის ახალ სპორტს - ხელებით სირბილს დაადგა თვალი. საჯაროდ განაცხადა, რომ 20 მეტრს 5 წამზე ნაკლებ დროში გაირბენდა. ერთი შეხედვით ეს შეუძლებელი ჩანდა, თუმცა ზაიონი და "შეუძლებელი“ ანტონიმებია. სპორტსმენმა 20 მეტრი 4.78 წამში დაფარა და გინესის მსოფლიო რეკორდი დაამაყარა.
თქვენ გგონიათ ამით დასრულდა 24 წლის ათლეტის მიზნები? არა, ყველაფერი ახლა იწყება. ის 2024 წლის პარაოლიმპიადისთვის ემზადება და ორ დისციპლინაში - ჭიდაობასა და ეტლით რბოლაში ოქროს მედლისთვის ბრძოლას აპირებს.
კლარკი - ღრმად მორწმუნე ადამიანია და სჯერა, რომ ღმერთმა ამ დაავადებით სპეციალურად მოავლინა სამყაროს, რათა მისცეს შანსი საკუთარი თავი უკეთ გამოავლინოს. ასევე, ბიჭს სჯერა, რომ მისი მისიაა, საკუთარ მაგალითზე დაეხმაროს ფიზიკურად განსხვავებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს.
მასსილლონის (ოჰაიოს შტატი) სპორტულ კომპლექსში, სადაც ჭიდაობის ტურნირი იმართებოდა, ტრიბუნაზე მოქნილად ავიდა ქალი და თავისი ადგილი დაიკავა, დაძაბული ჩანდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა.
- ეს ზაიონი ვიღაა, ცალი თვალით მაინც შემახედა. ტიპს ფეხები არ აქვს და რა ჭიდაობა მოუნდა? - უთხრა კაცმა გვერდზე მჯდომს, ლუდი მოყლურწა და თავის დიდი მუცელი მოიქავა. გვერდზე მჯდომმა მხრები აიჩეჩა, უნდოდა დათანხმებოდა, მაგრამ თავი შეიკავა და სასაუბრო თემა ტატამის ფერზე გადაუტანა.
ქალმა აშკარად გაიგო კაცების დიალოგი და ჩაეცინა. ახლა მის მზერაში სიამაყე უფრო იკითხებოდა, ვიდრე გაურკვევლობა, კაცებს გახედა და უთხრა: - ჰოდა, ახლა ნახავთ, რაც უნდა ჭიდაობაში.
იმ დღეს ზაიონმა ტურნირი მოიგო, გამარჯვება კი დედას მიუძღვნა...
არანაირი თავის მართლება!