იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ტერმინ "გატაცებას“ ხელისუფლების ოპონენტები შეგნებულად ამკვიდრებენ და უნდათ, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მოახდინონ მავნე ზეგავლენა, დაარწმუნონ საზოგადოება თითქოსდა, ხელისუფლებამ ვინმე გაიტაცა. ამის შესახებ მან დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საერთოდ როგორ არის შესაძლებელი, საუბრობდე სახელმწიფო ინსტიტუციაზე და ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას უწოდო გატაცება. ეს არის დიდი მავნებლობა. აქვე იმასაც გეტყვით, რადგან ეს საზოგადოებას აინტერესებს და ამას არა ჩვენს ოპონენტებს, არამედ საზოგადოებას ვპასუხობ თუ რა იგულისხმებოდა გატაცებაში. ჩვენმა ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რომელიც გულისხმობს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში პატიმრის გადაყვანას. აქვე გავმარტავთ მიზეზებს რატომ იყო გადაყვანილი პატიმარი სააკაშვილი #12 დაწესებულებიდან #18 დაწესებულებაში.
როგორც მოგეხსენებათ, მან უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე და შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების თავიდან ასარიდებლად და მსგავსი რისკების მინიმალიზაციის მიზნით, მიღებული იქნა გდაწყვეტილება, რომ იგი #18 დაწესებულებაში გადაეყვანათ, სადაც მასზე სამედიცინო მეთვალყურეობა ბევრად უფრო მჭიდრო იქნებოდა და ეს რისკი სრულად მინიმალიზებული. ის ამჟამად განთავსებულია #18 დაწესებულებაში, რომელიც არის სამედიცინო დაწესებულება და მასზე ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი. ასევე, აქ გასათვალისწინებელი იყო უსაფრთხოების რისკები. ჩვენ მრავალჯერ ვისაუბრეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე, რომელზეც გახდა ცხადი, რომ დაახლოებით 500-600-კაციანი ჯგუფი გეგმავდა მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას ხელშეშლას. ეს გადაყვანა რომ განხორციელებულიყო სხვაგან, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მომხდარიყო,“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს ხელისუფლებას დააბრალოს, თითქოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან. როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში აქვს ტელევიზორი და სხვა პირობებიც აქვს შექმნილი.
"მესამე ბრალდება, რომელზეც მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ წამოწიონ საზოგადოებაში და იუსტიციის სამინისტროს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და ზოგადად, მთავრობას დააბრალონ ის, თითქოს ჩვენ ვინმეს ვაწამებთ ან არაადამიანურად ვეპყრობით. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს -შემოსახლებიდან დღემდე, ეს იყო პირველ ოქტომბერს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 179 ვიზიტორი. იგი 24 სთ-იანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ექიმების მხრიდან. ასევე, მას შემოსახლებისთანავე, ზუსტად 2 დღეში, მათ შორის არასამუშაო დღეებში საბანკო ბარათი დაუმზადდა. ასევე, მას აქვს ტელევიზორი. როდესაც თანხა ამოეწურა ბარათზე და მაცივარი უნდოდა, ადმინისტრაციამ კეთილი ნების საფუძველზე მისი ეს თხოვნაც შეასრულა. ასევე საზოგადოებას ვეტყვით, რომ მუდმივ რეჟიმში, 24 სთ-ის განმავლობაში მასთან მორიგეობდა რეანომობილი, იქ მორიგეობდნენ ექიმები, რომლებიც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ. ასევე სწორედ ჩვენ შევქმენით კონსილიუმი, რომლის მიზანი იყო, ჩვენს კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან ერთად გაეწიათ გარკვეული რეკომენდაციები, რომელსაც ყოველ ჯერზე მაქსიმალურად ვითვალისწინებდით. ასევე ჩვენ შევქმენით ცალკე სამუშაო ჯფგუფი, რომელიც მართლაც უპრეცედენტოა მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით. სწორედ ჩვენ შემოვიყვანეთ ამ ჯგუფში სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ღია და ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ბრეგაძემ.