სხვადასხვა სამედიცინო სერვისის დანერგვასა და განვითარებასთან ერთად, არანაკლებად მნიშვნელოვანია მათი მიწოდების ხარისხი. ზოგადად, ხარისხიანი მედიცინა ბევრი კომპონენტისგან შედგება − აერთიანებს როგორც, ერთი შეხედვით წვრილმანებს, ისე საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან საკითხებს.
მედიცინა საქართველოში განვითარების გარდამავალ ეტაპზეა, რაც დიდწილად სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხით გამოიხატება. ამ პროცესში პროტოკოლების დანერგვა და შესრულება დიდ როლს ასრულებს. ქართულ ბაზარზე ახალი პროტოკოლების დანერგვით ერთ–ერთი გამორჩეული კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსია“, რომლის სამედიცინო დირექტორი გიორგი კორძახია სწორედ სამედიცინო სერვისების ხარისხსა და ახალი პროტოკოლების მნიშვნელობაზე გვესაუბრება.
რა კომპონენტებისგან შედგება ხარისხიანი სამედიცინო სერვისი?
ხარისხიანი მედიცინა არაერთი კომპონენტისგან შედგება. უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი კი პროცედურების გაწერა და მათი პროტოკოლიზაციაა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც პაციენტის მკურნალობის პროცესშია ჩართული, ერთნაირ გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს ერთსა და იმავე შემთხვევაში და სუბიექტური მოვლენები ნიველირებული უნდა იყოს. ზოგადად, სუბიექტივიზმის მოწინააღმდეგე არ ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ზომიერი და საერთო წესებით რეგულირებული. გაწერილი პროცედურები და პროცედურების პროტოკოლიზაცია – სწორედ ეს საკითხია ხარისხიანი მედიცინის ერთ–ერთი ძირითადი ბერკეტი და მთავარი კომპონენტი.
რა გამოწვევების წინაშე დგას კლინიკა, როდესაც ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ვსაუბრობთ?
ქართულ მედიცინას ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. ჩვენ ჯერ კიდევ გარდამავალ მოდელზე ვართ, როდესაც აღარ არსებობს საბჭოთა მედიცინა, თუმცა ჯერ არც ევროპისა და ამერიკის სამედიცინო ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ვართ. ამ პროცესში, ზოგადად ქართული მედიცინის და მათ შორის, ჩვენი კლინიკის, ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა საკადრო დეფიციტია. ეს პრობლემა აქტუალურია ევროპის ქვეყნებშიც. კიდევ ერთი გამოწვევა ფინანსური რესურსის დეფიციტია. ფინანსური ინვესტიცია სამედიცინო სერვისების ხარისხის პირდაპირპროპორციულია.
ასევე, დიდი გამოწვევაა საერთაშორისო და დასავლური წარმომავლობის პროტოკოლების ადაპტირება და დანერგვა. საჭიროა, რომ უფრო მეტი ასეთი პროცედურა იყოს შემოსული და დანერგილი საქართველოში. პროტოკოლებში ჩამორჩენის ერთ–ერთი მიზეზი კი კვლავ საკადრო პრობლემაა. ამავდროულად, პროტოკოლიზაცია მედიცინას აძვირებს. თითოეული ეს გამოწვევა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ჩვენს სამედიცინო პერსონალს ხშირად ვგზავნით საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ამ მიმართულებით კმაყოფილები ვართ. მსგავსი ინვესტიცია ნამდვილად გამართლებულია.
პროტოკოლების დანერგვა ხარისხიანი მედიცინის ერთ–ერთ მთავარ კომპონენტად დაასახელეთ. როგორია მათი შექმნის პროცესი?
ეს საკმაოდ რთული პროცესია. უცხოურ კლინიკებთან თანამშრომლობის გარეშე პროტოკოლიზაციას არ მივმართავთ, თუმცა რომელიმე კლინიკის პროტოკოლების პირდაპირ გადმოღება არ ხდება. პროტოკოლიზაცია არის გაწერილი პროცესი, რასაც ჩვენ ვიცნობთ, დეტალურად ვიკვლევთ, მოვიძიებთ ლიტერატურას, მოვარგებთ ჩვენს რეალობას და მხოლოდ მას შემდეგ ხდება მათი დანერგვა და იმპლემენტაცია. ლოკალურ რეალობაზე მორგება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ერთი მხრივ არ უნდა მოხდეს დედააზრის დარღვევა და, მეორე მხრივ, უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტულ რეალობას. მაგალითად, შეიძლება რომელიმე პროტოკოლის პირდაპირ გადმოტანით, ის არ მოერგოს ინფრასტრუქტურას. სწორედ ამიტომ არის საჭირო მათი მორგება.
კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების მოსაპოვებლად სჭირდებათ ახალი პროტოკოლების დანერგვა და სწორედ ამ პროცესის შესაბამისად ხდება ახალი პროტოკოლების დანერგვა თუ არსებულების გადახედვა. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას და პაციენტის უსაფრთხოების მაქსიმალურ უზრუნველყოფას განაპირობებს. ამისთვის ჩვენს კლინიკაში არაერთი მნიშვნელოვანი პროცედურა დაინერგა და განისაზღვრა პროტოკოლით.
მოგვიყევით „ნიუ ჰოსპიტალსში“ ახლახან დანერგილი გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების მართვის პროტოკოლის შესახებ.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და პაციენტთა უსაფრთხოების მიზნით, სიცოცხლის გადამრჩენი სამი პროცედურა დაინერგა, ესენია: ლურჯი კოდი, პაციენტთა იდენტიფიკაცია და უსაფრთხო ქირურგია. თითოეული მათგანი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პაციენტების უსაფრთხოებისა და მათს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში.
გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის მართვის პროტოკოლის, „ლურჯი კოდის“, მიზანია კლინიკის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადამიანისთვის (პაციენტი, ვიზიტორი, სხვ.) გადაუდებელი სამედიცინო სიტუაციის ოპერატიული და ეფექტური მართვის უზრუნველყოფა. ოპერატიულობასა და ეფექტურობაში იგულისხმება კვალიფიციურ სარეანიმაციო ბრიგადასთან მყისიერი დაკავშირების სისტემის არსებობა, შემთხვევის ადგილზე მათი დაუყოვნებელი მოსვლა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
რეანიმაციულ ბრიგადასთან სწრაფი კომუნიკაციისთვის კლინიკის მთელ ტერიტორიაზე განლაგებულია სპეციალური ღილაკები, რომელთა გააქტიურებისას რეანიმაციულ ბრიგადას სპეციალურ პეიჯერზე მყისიერად მისდის ინფორმაცია გადაუდებელი შემთხვევის ზუსტი ლოკაციის შესახებ. გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო აღჭურვილობა, როგორიც არის დეფიბრილატორი და მედიკამენტები, ასევე განლაგებულია ყველა სართულზე, რაც სარეანიმაციო ბრიგადას საშუალებას აძლევს დროულად და სრულყოფილად აღმოუჩინოს ადამიანს დახმარება. „ლურჯი კოდის“ არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის სარეანიმაციო ღონისძიებების ეფექტურობას.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცედურის დანერგვა, მან თუნდაც ერთი სიცოცხლე რომ გადაარჩინოს.
რას ნიშნავს პაციენტთა იდენტიფიკაციის პროტოკოლი?
პაციენტთა უსაფრთხოება კლინიკის მთავარი პრიორიტეტია. პაციენტის არასწორი იდენტიფიკაცია აღიარებულია გავრცელებულ პრობლემად სამედიცინო დაწესებულებებში, რამაც შესაძლებელია პაციენტის ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზული რისკი გამოიწვიოს. ამ მიზნებისთვის „ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილია პაციენტთა იდენტიფიკაციის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროტოკოლი, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის საიდენტიფიკაციო სამაჯურის აუცილებელი და მუდმივი ტარება კლინიკაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. საიდენტიფიკაციო სამაჯურის გამოყენების მიზანი არის პაციენტის მუდმივი იდენტიფიცირების საშუალება იმის მიუხედავად, თუ როგორია პაციენტის ცნობიერების დონე თუ დეზორიენტაციის ხარისხი.
მოგვიყევით უსაფრთხო ქირურგიის პროტოკოლის შესახებ.
ქირურგიული ჩარევების და ინვაზიური პროცედურების დროს პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის „ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილია უსაფრთხო ქირურგიის პროგრამა. პროგრამის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს საოპერაციო არის წინასწარი მარკირების პროცესი და სამჯერადი პაუზის გაკეთება წინასწარ განსაზღვრული კითხვარის შევსების მიზნით.
პირველი პაუზა კეთდება უშუალოდ ანესთეზიის დაწყების წინ, მეორე - უშუალოდ ქირურგიული ან ინვაზიური პროცედურის დაწყების წინ, ხოლო მესამე - ოპერაციის დასრულების შემდეგ მანამ, სანამ სამედიცინო პერსონალი დატოვებს საოპერაციო ბლოკს. თითოეულ პაუზის დროს ქირურგიული ბრიგადის ერთ-ერთი წევრი კითხულობს შესაბამის კითხვარს და ქირურგი, ანესთეზიოლოგი და ქირურგიული მედდა პასუხობენ შესაბამის შეკითხვებს.
პროცესის მსვლელობისას უშუალოდ ოპერაციის დაწყებამდე საბოლოოდ მოწმდება და დასტურდება: პაციენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ოპერაციის სახე და საოპერაციო არე, საანესთეზიო აღჭურვილობა და მედიკამენტები, აპარატურის გამართულობა, კათეტერების გამავლობა, მოსალოდნელი რისკები (მაგ. სისხლის დანაკარგი, ალერგია), იმპლანტების არსებობა ადგილზე და სხვ.
ამა თუ იმ შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ნებისმიერ ეტაპზე ჩერდება პროცედურა, სანამ არ მოხდება შეუსაბამობის გამოსწორება, რაც უზრუნველყოფს პრობლემის აღმოფხვრას ოპერაციის დაწყებამდე.