ავტორი:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰიპერმარკეტ „აგროჰაბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰიპერმარკეტ „აგროჰაბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტ „აგროჰაბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ „აგროჰაბში“ და დასაქმებულისათვის გათვალისწინებული ხელფასის გარდა, დამატებით 600 ლარამდე აგროჰაბის სასწავლო გრანტი მიიღონ.

აღნიშნულ მემორანდუმს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელი უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ლაშა გოცირიძემ მოაწერეს. ღონისძიებას ასევე დაესწრო აგროჰაბის დამფუძნებელი, ბატონი აკაკი ახვლედიანი, ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები და სტუდენტები.

მემორანდუმის ფარგლებში, დასაქმება და საკუთარი სწავლის დაფინანსება, ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტს შეეძლება, მიუხედავად მისი აკადემიური მოსწრებისა და სოციალური მდგომარეობისა. სასწავლო გრანტი წელიწადში 600 ლარამდეა, რაც ზოგიერთი სტუდენტისთვის სწავლის საფასურის დარჩენილი თანხის 90%-ს შეადგენს.

„აგროჰაბი ჩვენს ქვეყანაში არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული ბიზნესი, რომელსაც სჭირდება, როგორც აგრარული მიმართულების სპეციალისტები, ისე ინფორმატიკოსები, მშენებლები, ტექნოლოგები, სამართლის სპეციალისტები, ეკონომისტები და სხვა. სტუდენტებისთვის ეს პროექტი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, რადგან აგროჰაბის დამფუძნებლის ინიციატივით, მათ აქვთ შანსი დასაქმდნენ ამ დიდ ბიზნეს ქსელში, მიიღონ გამოცდილება და დაიფინანსონ საკუთარი სწავლა.“ - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

სტუდენტი გრანტს „აგროჰაბში“ მუშაობის სრული სამი თვის შემთხვევაში მოიპოვებს, რომელიც თანაბარ ნაწილებად, წელიწადში ოთხჯერ, უნივერსიტეტში დადგენილი სასწავლო პროცესის ვადების გათვალიწინებით გაიცემა.

ამასთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და „აგროჰაბი“ სტუდენტებს ერთობლივი ძალისხმევით შეუწყობენ ხელს კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ჩატარდება ერთობლივი ღონისძიებები და ტრეინინგები.

„აგროჰაბის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა გოცირიძემ პროექტის ფარგლებში, დასაქმების შესახებ დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით: „ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პოზიცია, რომელიც აბსოლუტურად ღიაა სტუდენტებისთვის, იქნება ეს წარმოება, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულება, თუ სამუშაო ადგილები ჩვენს მაღაზიათა ქსელებში. თუ კი სტუდენტების უნარ-ჩვევები იქნება საკმარისი, ჩვენ მზად ვართ ისინი გავატაროთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე, შემდგომში დავასაქმოთ და გავცეთ სასწავლო გრანტები.“

„აგროჰაბის“ აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ბიზნესისა და უნივერსიტეტების მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს, გათვლილია იმ სტუდენტებზე, ვისთვისაც გარდა დასაქმებისა, პრიორიტეტი განათლება და განვითარებაა. ეს არის უდიდესი პროექტი, რომელშიც რამდენიმე ასეული სტუდენტი ჩაერთვება.

პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე ასეული სტუდენტის დასაქმება.

NS