"ვიდეოში, რომელიც დღეს გავრცელდა, ვხედავთ წამებას, ცემას. გუშინ მიხეილ სააკაშვილი არც კი იყო ინფორმირებული, რომ სასამართლო პროცესი იმართებოდა და არ დაასწრეს პროცესს. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი. მთელი მსოფლიო უყურებს. ყველა პატიმარი იმსახურებს უფლებების დაცვას, როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში", - ამის შესახებ უკრაინის რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა.
მან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის პოზიტიური გადაწყვეტილება.
"გუშინ ადვოკატებმა მიიღეს პასუხი სტრასბურგის სასამართლოდან და ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი. მინდა გითხრათ, რომ ეს არის პოზიტიური გადაწყვეტილება, ვინაიდან ისინი ამ საქმეს პრიორიტეტს ანიჭებენ. აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უნდა მიაწოდოს ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კეთდება მისი სიცოცხლის დასაცავად", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, უკრაინის კონსულმა, რომელიც დღეს ციხეში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიიღო და რომ მის ორგანიზმში კალციუმის დონე დაბალია.
"როდესაც კალციუმის დონე არის დაბალი, ეს იწვევს სტენოკარდიის შეტევას და სხვა შედეგებს ძალიან მალე", - აღნიშნა იასკომ.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.
"ახლა მნიშვნელოვანია, რომ ის არ დავკარგოთ. რადგან შიმშილობის 42-ე დღე ხუმრობა არ არის", - აღნიშნა დეპუტატმა.
მან ასევე შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ სამი დღეა ექსპრეზიდენტის მონახულების საშუალებას არ აძლევენ.
"ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ მაძლევენ მასთან შეხვედრის საშუალებას. ეს არის მისი უფლებების დარღვევა და ასევე ჩემი უფლებების დარღვევა" - აღნიშნა დეპუტატმა.