ავტორი:

რა შემოუთვალა უკრაინის საგარეო უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ?

რა შემოუთვალა უკრაინის საგარეო უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ?

უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს და დაუშვებლად მიიჩნევს ძალადობის გამოყენებას მის მიმართ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი ტოჩიცკიმ საქართველოს ელჩთან გიორგი ზაქარაშვილთან საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია საგარეო უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისადმი ღირსეული მოქცევის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, - აცხადებენ სამინისტროში.

ტოჩიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავაც დაუთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას სააკაშვილის უფლებების დაცვას, რაც საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

მედია წერს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის გამო საქართველოს ელჩი ერთ კვირაში უკვე მეორედ დაიბარა. საქართველოს ელჩი 9 ნოემბერს სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.