ავტორი:

"კვარაცხელია, ესპანელების საუკეთესო მეგობარი, რომელიც მადრიდის "რეალზე" ოცნებობს" - რას წერს ესპანური Marca ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

"კვარაცხელია, ესპანელების საუკეთესო მეგობარი, რომელიც მადრიდის "რეალზე" ოცნებობს" - რას წერს ესპანური Marca ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა საქართველოსა და შვედეთს შორის, ჩვენი გუნდისთვის, წარმატებული გამოდგა. მატჩი, რომელიც ბათუმში გაიმართა, საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით - 2 - 0 დასრულდა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და ორივეს ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა, 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ყაზანის "რუბინში." თამაშობს.

ქართველების გამარჯვება შვედებთან განსაკუთრებით ესპანეთში გაუხარდათ, რადგანაც შვედების ამ მარცხის წყალობით, მათ ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნეს. საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში პირველ ადგილს 16 ქულით ესპანეთი იკავებს, მეორეზე 15 ქულით შვედები არიან, მესამე ადგილოსან საბერძნეთს 9 ქულა აქვს, მეოთხეზე საქართველოა, 7 ქულით, ხოლო ბოლო ადგილს 4 ქულით კოსოვო იკავებს (შენიშვნა: საქართველოსთვის ეს გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის კუთხით, არაფერს ცვლის).

სწორედ ამის გამო, ესპანურენოვანი გამოცემა Marca ხვიჩა კვარაცხელიას ესპანეთის საუკეთესო მეგობარს უწოდებს და აქვეყნებს სტატიას სათაურით -"კვარაცხელია, ესპანეთის საუკეთესო მეგობარი, რომელიც მადრიდის "რეალზე" ოცნებობს."

როგორც გამოცემა წერს, ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო მეგობარი გახდა, რადგანაც შვედეთთან გატანილი ორი გოლით ის ესპანეთს ჯგუფში პირველ ადგილზე ტოვებს.

"მარკას" ცნობით, ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში რუსეთის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელებული კვარაცხელია ქართული ფეხბურთის უდიდესი ამომავალი ვარსკვლავია და ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, რომლებიც ევროპულ გრანდში გადასვლაზე ოცნებობენ.

  • "მჯერა, რომ ის მადრიდის "რეალში", ან "ბაიერნში" ითამაშებს“, - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.

"რეალი" შემთხვევითი არჩევანი არ არის. ჩემი შვილები და მათ შორის ხვიჩა, "რეალის" გულშემატკივრები არიან“, - ამბობს ფეხბურთელის მამა, ბადრი კავარცხელია.

გამოცემა წერს, რომ transfermarkt.com-ზე კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა, თუმცა შვედეთთან მისმა "აფეთქებამ“ შესაძლოა, 20 წლის მოთამაშის ფასი გაზარდოს. როგორც "მარკა" აღნიშნავს, რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ხვიჩაზე უფრო მაღალი ღირებულება "ზენიტის" მოთამაშეებს, აზმუნსა და მალკომს აქვთ.

როგორც ჩანს, ესპანელებს კარგად ახსოვთ მათ კარში გატანილი კვარაცხელიას გოლი. გამოცემა აღნიშნულ მატჩსაც იხსენებს - "კვარაცხელიამ უკვე გაუტანა ესპანეთის ნაკრებს. თამაშის გადარჩენა კი დანი ოლმომ 92-ე წუთზე გატანილი გოლით შეძლო", - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში დიდი იმედი აქვთ, რომ ხვიჩა "უძველესი კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდის მაისურს მოირგებს."

  • "ის ჩემს თავს მახსენებს, უდიდესი პოტენციალი აქვს, აქვს სისწრაფე, ინტუიცია, ტაქტიკური ინტელექტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ფეხბურთით ცხოვრობს. იღვიძებს და იძინებს ბურთით“, - ციტირებს "მარკა" ვლადიმერ გუცაევის სიტყვებს.

"კვარაცხელიას ორმა გოლმა ესპანეთს მისცა უპირატესობა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო ფეხბურთელის სახელი, თავისი თანხმოვნებით, უფრო რეზონანსული გახადა", - ნათქვამია სტატიაში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის "ტრანსფერმარკეტზე" ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ხშირად ნახვად ფეხბურთელებს შორის მესამე ადგილს იკავებს და შვედეთთან მატჩის შემდეგ, მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია.