“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები, რომლებიც მეტროსადგურ “300 არაგველებთან” შეიკრიბნენ, მსვლელობით იუსტიციის სამინისტროსთან მიემართებიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - “მიშა, მიშა”.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრს უნდა გააგონონ ხმა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოებრიობის ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობას არ მისცემენ.
“მივართებით იმ უწყებისკენ, რომლის სამართლებრივი ვალდებულებაცაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუვა და რომელიც ამ დღეების განმავლობაში ფაქტობრივად რუს აგენტად ჩამოყალიბდა. ჩვენ აქედან მივდივართ იუსტიციის სამინისტროსთან. მშიშარა, მხდალ რატი ბრეგვაძეს უნდა გავაგონოთ ხმა, რომ არ მივცემთ შესაძლებლობას ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პარალელურად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქციას „დიდუბის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთანაც მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. მათ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები აქვთ მიტანილი.
აქციის მონაწილეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ.
დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. აქციაზე იმყოფებიან პარტიის ლიდერები. აქციის მონაწილეები და ლიდერები გეგმავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლონ.