ავტორი:

პედაგოგების პროტესტი განათლების სამინისტროსთან - რას ითხოვენ აქციაზე შეკრებილები

პედაგოგების პროტესტი განათლების სამინისტროსთან - რას ითხოვენ აქციაზე შეკრებილები

პედაგოგები, რომლებმაც მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, განათლების სამინისტროსთან აქციას მართავენ და განათლების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციაზე შეკრებილები ასევე აცხადებენ, რომ პედაგოგები, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, 2022 წლის იანვრიდან სამსახურს დაკარგავენ.

"აქცია იმართება "პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ორგანიზებით იმ პედაგოგების დასახმარებლად, რომლებიც დევნის მსხვერპლი გახდნენ პრემიერის დადგენილებით და ამის საფუძველზე მასწავლებლები, რომლებმაც ვერ აიმაღლეს სტატუსი და ვერ გადალახეს ზღვარი, იანვრიდან სტატუსის მიღმა რჩებიან არამხოლოდ სკოლის მიღმა, არამედ საერთოდ პედაგოგობის უფლება ერთმევათ. ეს არის ნონსენსი, რადგან სკოლამ შეიძლება გადაწყვიტოს, თუ როგორი მასწავლებელი ურჩევნია მას. მასწავლებლები ითხოვენ, რომ სტატუსი არ შეუჩერდეთ და ისინი შუა ზამთარში სკოლებიდან არ გაყარონ.

ჩვენ ვითხოვთ განათლების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას. ისინი დიალოგზე ვერ მოდიან. მეტიც, წინა აქციის დროს მინისტრის მოადგილემ 10 მასწავლებლის წინააღმდეგ გამოიძახა პოლიციის დანაყოფი, რის გამოც მისი გადადგომაც მოვითხოვეთ.

თუ მინისტრი რამდენიმე წუთში არ შეგვხვდება, პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან გადავინაცვლებთ. იქაც გვქონდა შეხვედრა შალვა პაპუაშვილთან, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ადამიანი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. განათლებაზე მე მისგან სიტყვა არ გამიგია, რადგან ის ამ საქმეში ვერ ერკვევა, ახლა კი ვითხოვთ, რომ გაერკვეს", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, დავით ფერაძე.