ავტორი:

რა ემართება მანქანის ნაწილებს ზამთარში?

რა ემართება მანქანის ნაწილებს ზამთარში?

სეზონის ცვლილებასთან ერთად იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. ზამთრის მოახლოებისას ჩვენი პირველი საზრუნავი საბურავების შეცვლაა, რასაც ხშირად არ ვაკეთებთ. არ არის აუცილებელი დიდთოვლობა იმისათვის, რომ ავტომობილზე საბურავი შევცვალოთ, ამის მიზეზად დაბალი ტემპერატურაც საკმარისია. ზაფხულისა და ზამთრის საბურავებს შორის დიდი განსხვავებაა, რომლებიც პირველ რიგში მათ შემადგენლობებში აისახება.

რა ემართება მანქანის ნაწილებს ზამთარში? - ამ თემაზე „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი, თენგიზ ლელუჩაშვილი გვპასუხობს.

„ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები მაღალ ტემპერატურაზე უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა, ხოლო ზამთრის საბურავში პირიქით, შემადგენლობა დაბალ ტემპერატურაზეა გათვლილი. სწორედ ამიტომ უსაფრთხო გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია მათი სეზონური ცვლილება.

ზაფხულის საბურავით ზამთარში მოძრაობა არ არის რეკომენდებული, რადგან ამ დროს სამუხრუჭე მანძილი 20-დან 25%-მდე იზრდება, ასევე დაუშვებელია ამ საბურავით შორ დისტანციაზე გადაადგილება, რადგან ამ დროს უსიამოვნო შემთხვევების ალბათობა კიდევ უფრო მაღალია.“

როგორ უნდა მივხვდეთ რომელი სეზონისაა ჩვენი საბურავი?

„ყველა საბურავს სეზონის აღმნიშვნელი სიმბოლო გააჩნია რაც მიუთითებს როგორ ამინდში და ტემპერატურაზეა შესაძლებელი მისი გამოყენება - მაგალითად, ფიფქი, მზე და სხვა. ჩვენთან ყველაზე პოპულარული M+S (ტალახი და თოვლი) გახლავთ, რომელიც ბევრ მძღოლს ყველა სეზონის საბურავი ჰგონია. სინამდვილეში ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა სეზონის საბურავებს აწერია ALL SEASON. ხოლო M+S აღნიშვნა ნიშნავს, რომ ამ საბურავებით სიარული დაშვებულია ტალახიან და თოვლიან გზაზე, რაც შეეხება სეზონურობას M+S აღნიშვნასთან ერთად, საბურავზე აუცილებლად იქნება მითითებული მზის ან ფიფქის სიმბოლო, რაც განსაზღვრავს სეზონს.“ „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი, თენგიზ ლელუჩაშვილი.

შეიძლება საბურავებთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა ზედმიწევნით შევასრულოთ, თუმცა პრობლემა მაინც წარმოიშვას. ამ პრობლემის მთავარი მიზეზი კი უკვე სამუხრუჭე სისტემაში უნდა ვეძებოთ, უფრო კონკრეტულად კი სამუხრუჭე სითხესა და ხუნდებში, რომლებიც ამ სისტემის ყველაზე ცვეთადი ნაწილია.

„ხუნდების მოხმარებაც საკმაოდ ინდივიდუალურია. ის ხარისხთან ერთად, მძღოლის მართვის სტილზეა დამოკიდებული, რამდენადაც აგრესიულად გამოვიყენებთ მუხრუჭს, მით უფრო მალე მოგვიწევს ხუნდების შეცვლა. ხუნდების შეძენისას კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ ხუნდები არ შეიცავდეს აზბესტს. რაც იმას ნიშნავს, რომ ხუნდები ცვეთის დროს არ გამოყოფს ადამიანებისა და გარემოსთვის რადიოაქტიულ მავნე ნივთიერებებს.

რაც შეეხება სამუხრუჭე სითხეს, აუცილებლად უნდა შემოწმდეს სეზონური ცვლილების დროს, იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს განსაზღვრული მუშაობის რესურსი. სითხე სპეციალური ხელსაწყოთი მოწმდება, რის შედეგადაც ვიგებთ რამდენად იქმნება სამუხრუჭე სისტემაში საჭირო წნევა, იმისათვის რომ კრიტიკულ სიტუაციაში შევძლოთ ავტომობილის მოკლე მანძილზე დამუხრუჭება.“

სეზონურ მოვლასთან პირდაპირ კავშირშია აკუმულატორიც, რომელიც არანაკლებ არის დამოკიდებული გარემოს ცვლილებაზე.

მის რთულ საექსპლუატაციო პერიოდად ცხელი ზაფხული და ცივი ზამთარი ითვლება. სწორედ ამ პერიოდში უნდა ვიყოთ ორმაგად ყურადღებით, რათა თავიდან ავიცილოთ მისი სერიოზული დაზიანებები.

„აკუმულატორის რესურსი ბრენდისა და ხარისხის მიხედვით საშუალოდ 3-დან 7 წლამდეა. ამიტომ, თუ გსურთ, რომ აკუმულატორი დიდხანს გემსახუროთ, მნიშვნელოვანია, ხარისხიანი და დიდი რესურსის პროდუქტი შეიძინოთ.

შეძენისას, ხარისხთან ერთად აუცილებელია ავტომობილის ელექტრო გაყვანილობის შემოწმებაც, რათა სისტემაში არ მოხდეს ე.წ. „დენის დაკარგვა“, რაც შემდგომში აკუმულატორის სასიცოცხლო რესურსის საგრძნობ შემცირებას გამოიწვევს.“ - „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი, თენგიზ ლელუჩაშვილი.

ზამთარში უსაფრთხო მგზავრობისთვის შესაბამისი ნაწილების ცვლილება სეზონის დადგომამდე უნდა დაიწყოთ, რათა ცივ და ნალექიან ამინდს გამართული ავტომობილით შეხვდეთ.

NS