ავტორი:

"გრიგოლ, მახსოვს როგორ ამაყობდი, როცა შენი შვილი პრეზიდენტ სააკაშვილის სტიპენდიით გაემგზავრა გერმანიაში" - ნიკოლოზ სააკაშვილი რატი ბრეგაძის მამას

"გრიგოლ, მახსოვს როგორ ამაყობდი, როცა შენი შვილი პრეზიდენტ სააკაშვილის სტიპენდიით გაემგზავრა გერმანიაში" - ნიკოლოზ სააკაშვილი რატი ბრეგაძის მამას

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მამას ღია წერილით მიმართავს.

როგორც ირკვევა, ნიკოლოზ სააკაშვილი და გრიგოლ ბრეგაძე წარსულში კოლეგები იყვნენ.

"ღია წერილი იუსტიციის მინისტრის მამას, გრიგოლ ბრეგაძეს.

გრიგოლ, გწერ როგორც კოლეგა კოლეგას, როგორც მშობელი მშობელს. ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით ერთად, ვემსახურებოდით ყველაზე ჰუმანურ იდეას- სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ არასდროს ვარჩევდით პაციენტს მისი შეხედულებების ან რაიმე მიმდევრობის მიხედვით. ჩვენთვის პაციენტი ყოველთვის იყო პაციენტი, იმის და მიუხედავად, ის პატიმარი იყო თუ არა.

გრიგოლ, კარგად მახსოვს შენი სიხარული და სიამაყე, როდესაც შენი შვილი პრეზიდენტის სტიპენდიით გაემგზავრა გერმანიაში განათლების მისაღებად. იმ პრეზიდენტის, რომელსაც დღეს იუსტიციის სამინისტრო ართმევს სიცოცხლის უფლებას და არ გადაყავს სამოქალაქო კლინიკაში. არასდროს დამავიწყდება შენი აღტკინებული, ემოციური საუბარი ჩემთან, რასაც მე სიხარულით შევხვდი.

დღეს ქვეყნის პრეზიდენტი, ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, პატრიოტი ციხეშია. ( ისტორია განსჯის სამართლიანად თუ არა) მე მიმაჩნია, რომ შენი მოქალაქეობრივი ვალია, როგორც ექიმის, ჰუმანისტის, მშობლის გამოხატო საზოგადოდ შენი დამოკიდებულება მოშიმშილე პაციენტის, სიცოცხლის შესანარჩუნებლად და დაუყონებლივ მის გადასაყვანად შიმშილობის შემდგომ სამოქალაქო სარეაბილიტაციურ ჰოსპიტალში.

გრიგოლ, ღმერთმა დაგიფაროს ნამდვილად არ გისურვებ შენ მოხვდე ჩემს მდგომარეობაში. მე დაგიდგებოდი გვერდში, როგორც კოლეგა და ექიმი და უშიშრად გამოვხატავდი ჩემს პოზიციას!" - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.