ავტორი:

"მთელი მადრიდი მირეკავდა... მსოფლიოს ყველა კუთხიდან გამაგებინეს შენი ამბავი" - ესპანეთში მოღვაწე ქართველი სოპრანო ლალი ჭილაია გარდაიცვალა

"მთელი მადრიდი მირეკავდა... მსოფლიოს ყველა კუთხიდან გამაგებინეს შენი ამბავი" - ესპანეთში მოღვაწე ქართველი სოპრანო ლალი ჭილაია გარდაიცვალა

ესპანეთში მოღვაწე ქართველი სოპრანო ლალი ჭილაია გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ქართველი სოპრანოს მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. როგორც მეგობრები წერენ, აღნიშნული პრობლემების გამო რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოხვდა და ოპერაციას გეგმავდა.

მათი ცნობით, ლალიმ ბოლო საუბრისას უთხრა, რომ ორშაბათს კლინიკიდან გაწერდნენ. თუმცა გუშინ ჩატარებული ოპერაციის დროს ჭილაიას გული გაუჩერდა.

"მე ლამაზი მეგობარი მყავდა... აღარ არის ჩემი ლალი ღმერთმა ნათელში გამყოფოს. ვიცი, ასეც იქნება, იმდენი სიკეთე გაქვს დათესილი. არ მჯერა და სიტყვებს ვერ ვპოულობ. მსოფლიოს ყველა კუთხიდან გამაგებინეს შენი ამბავი... რეპეტიციიდან რომ დავბრუნდი, მთელი მადრიდი მირეკავდა" - წერს თეა დემურიშვილი.

"გუშინ დაბადების დღე მივულოცე, დიდხანს ვილაპარაკეთ. მისთვის უჩვეულო ნაღველი გამოკრთოდა მის ნაუბარში, არ მომეწონა!!! ჩქარობდა... მარტივად მითხრა: ორშაბათს უკვე გამომწერენო, ისე ადვილად თქვა. სიცოცხლემ თითქოს დაკარგა ფასი ამგვარი მოულოდნელობებით. რამდენი გეგმები ჰქონდა, მისი ფიქრი მუდამ საქართველოს და მის სათაყვანო აფხაზეთს დასტრიალებდა" - წერს მისი ერთ-ერთი მეგობარი.

ცნობისთვის, ლალი ჭილაია სოხუმში დაიბადა. 23 წლის წინ ესპანეთში გაემგზავრა და ეს წლები იქ მოღვაწეობდა. მადრიდში ის სიმღერასაც ასწავლიდა.

როგორც ამბობდა, აფხაზეთი თავისი ნებით დატოვა, მიუხედავად ახლო ნათესაური კავშირისა აფხაზებთან. ჰყვებოდა, რომ თავიდან იტალიაში სურდა წასვლა, მაგრამ სიმშვიდე, ემოციური თუ მატერიალური, სწორედ მადრიდში ნახა.