ავტორი:

ქართველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ქართველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. რეჟისორი კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრში 4 ნოემბრიდან მკურნალობდა. მას ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

"პაციენტის გადასარჩენად მაქსიმალური გააკეთა კლინიკის გუნდმა, თუმცა სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას" - ამბობს კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი.

ჯერ კიდევ გუშინ რეჟისორის მეუღლე მანანა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერდა, "ცუდად მყავს ჩემი ერმალო, გემუდარებით მოძღვრებს და მრევლს, გააძლიერეთ ლოცვები".

კითხვაზე, თუ რა დაემართა ერმალო მაღრაძეს, კომენტარებში მეუღლე წერს, "კოვიდის მძიმე ფორმა გვაქვს ორივეს".

მალევე კი მანანა ხიდაშელმა დაწერა:

"ყველა მატყუებდა. აღარ მყავს ჩემი ერმალო. წუხელ დამიკარგავს. რაღა მეშველება მის გარეშე. დატირებაც რომ არ შემიძლია".

ქართველი რეჟისორი და ოპერატორი ერმალო მაღრაძე 77 წლის იყო.

1961 წელს დაამთავრა ზესტაფონის რკინიგზის საშუალო სკოლა. 1963 წელს გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით.

1992 წელს დააარსა კინოფირმა "ერმალოფილმი". 2000 წლიდან მოღვაწეობდა ზესტაფონში. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.