ავტორი:

"მიუხედავად ხვეწნა-მუდარისა, ერმალო არ აიცრა... გთხოვთ, აიცერით!" - რას წერს კოვიდით გარდაცვლილი ერმალო მაღრაძის მეუღლე?

"მიუხედავად ხვეწნა-მუდარისა, ერმალო არ აიცრა... გთხოვთ, აიცერით!" - რას წერს კოვიდით გარდაცვლილი ერმალო მაღრაძის მეუღლე?

ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. რეჟისორი კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრში 4 ნოემბრიდან მკურნალობდა. მას ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

"პაციენტის გადასარჩენად მაქსიმალური გააკეთა კლინიკის გუნდმა, თუმცა სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას" - ამბობს კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი.

ასევე კორონავირუსით არის ინფიცირებული რეჟისორის მეუღლე მანანა ხიდაშელი. რამდენიმე დღის წინ ის სოციალურ ქსელში წერდა, რომ ორივეს კოვიდის მძიმე ფორმა ჰქონდათ. როგორც გაირკვა ქალბატონი მანანა "სინოფარმის" ვაქცინით არის აცრილი, ხოლო მეუღლე ვაქცინაციაში ვერ დაარწმუნა.

"მიუხედავად ხვეწნა-მუდარისა, სამწუხაროდ, ერმალო არ აიცრა. მე ვარ სინოფარმით ორჯერადად აცრილი. ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ორჯერ იყო აცრილი-არა! გთხოვთ! აიცერით, ხალხნო!" - წერს მანანა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ქართველი რეჟისორი და ოპერატორი ერმალო მაღრაძე 77 წლის იყო.

1961 წელს დაამთავრა ზესტაფონის რკინიგზის საშუალო სკოლა. 1963 წელს გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით.

1992 წელს დააარსა კინოფირმა "ერმალოფილმი". 2000 წლიდან მოღვაწეობდა ზესტაფონში. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.